პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი – თბილისის საკრებულოსთვის

sakrebulIDFI აგრძელებს  იმ საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება თბილისის საკრებულოსთვის  დადგენილი სტანდარტის შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ მიღებულ სტანდარტთან.

2013 წლის 17  სექტემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი შიხიაშვილის ხელმოწერით  გამოცემული იქნა   შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის საკრებულოს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, ქალაქ თბილისის საკრებულოსთვის სავალდებულო (2013 წლის 17  სექტემბერის) დოკუმენტი მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს. კერძოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს არ დაევალდებულა შემდეგი ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება:

  • ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში;
  • ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
  • ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები;
  • ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები;
  • ბიუჯეტის შესარულების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად);
  • ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით);
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით;
  • ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად;
  • ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი;
  • ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად;
  • უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
  • ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან;
  • ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია;
  • ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

როგორც თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, კანონქვემდებარე-ნორმატიული აქტში სრულად არის იგნორირებული ბიუჯეტის და ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხები. გარდა ამისა, ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის მწირი ნუსხიდან, ვხვდებით აგრეთვე ისეთ პუნქტებს, რომლებიც არასრულყოფილადაა წარმოდგენილი მთავრობის დადგენილებით მიღებულ პუნქტებთან შედარებით. მაგალითად პუნქტში, რომელიც ეხება ინფორმაციას ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ, თბილისის საკრებულოს არ აქვს ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნოს კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა, კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა.

IDFI-ი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობისა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით და არ შემოიფარგლონ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც მათ გამჭვირვალობის ნაკლებ ვალდებულებას დააკისრებს, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს  მაგალითზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.