ათონელის რეზიდენციის ბედი კვლავ უცნობია

atonelii2015 წლის პირველ ივლისს IDFI-იმ გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის არსებული მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდგომ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებაში მთავრობასა და პრეზიდენტთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აგრეთვე საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატიც.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI-იმ ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდანგამოითხოვა ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებული მიმოწერის ასლები. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებაზე ინსტიტუტს არცერთი უწყებიდან დაბრკოლება არ შექმნია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ დოკუმენტაციის მიღებამდე საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის – for.ge-ზე გამოქვეყნდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის ბოლო პერიოდში არსებული მიმოწერის ასლებიც. ამჯერად, გვსურს წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სრული დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს 2014 წლის ოქტომბრიდან (როდესაც დღის წესრიგში დადგა უშიშროების საბჭოს აპარატის მთავრობის ადმინისტრაციიდან გადასვლა) დღემდე აღნიშნულ უწყებებს შორის არსებულ მიმოწერას.

2011 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მე-7 სართული. აღნიშნული შენობის უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დატოვების საკითხი აქტუალური გახდა 2014 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში განთავსებულიყო მთავრობის და პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებული უწყებები.


2014 წლის მიწურულს საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს აპარატის შეთანხმებით საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მთავრობის ადმინისტრაციიდან უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. ვინაიდან აღნიშნული რეზიდენცია იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებული უწყების სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზე, საჭირო იყო შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, რათა უშიშროების საბჭოს აპარატი განთავსებულიყო კანონმდებლობის ნორმების დაცვით.

მიუხედავათ უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მრავალმხრივი მცდელობისა, რომ მომხდარიყო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მათი სამართლებრივად სწორი გზით განთავსება, შესაბამისი უწყებების მხრიდან აღნიშნულის მზაობის არ არსებობის თუ სხვა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზე არსებული ქონების უშიშროების საბჭოს აპარატისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა. აღნიშნულის შემდგომ, უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ფუნქციონირება კვლავ განეგრძო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.

ვინაიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უახლოეს მომავალში იგეგმებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის განთავსება, 2015 წლის 1 ივლისს უშიშროების საბჭოს აპარატისათვის შეთავაზებული იქნა ალტერნატიული ფართი ათონელის ქ. 25-ში მდებარე შენობაში.
იმავე დღეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ირინე იმერლიშვილმა თანხმობა განაცხადა, უწყების ათონელის ქუჩაზე გადასვლასთან დაკავშირებთ.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავლაბრის რეზიდენციის ფართის გამოყოფასთან განსხვავებით, რომლის სამართლებრივი რეგულირება ვერ მოხერხდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში არსებული ფართი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სარგებლობის უფლებით გადაეცა უშიშროების საბჭოს აპარატს დაახლოებით ორი კვირის ვადაში.

უთანხმოება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და უშიშროების საბჭოს მდივანს შორის წარმოიშვა, მას შემდეგ რაც უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ წინასწარი თანხმობის მიუხედავათ, ის აღარ აპირებდა ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადასვლას და უშიშროების საბჭოს აპარატი ფუნქციონირებას გააგრძელებდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში. როგორც წერილიდან ირკვევა, უშიშროების საბჭოს მდივანი მხოლოდ თანხმობის გაცემის შემდეგ ესტუმრა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას და მიიჩნია, რომ აღნიშნული შენობა არ შეესაბამებოდა საბჭოს სპეციფიკურ სამუშაო პირობების.

უშიშროების საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მთავრობის ადმინისტრაციისათვის და საპასუხო წერილებში ირინე იმერლიშვილს შეახსენეს, რომ საბჭოს აპარატის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა, ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნულ რეზიდენციაში ფუნქციონირება, მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და უშიშროების საბჭოს აპარატის მდივნის მიმოწერა გადაიზარდა ურთიერთბრალდებებში საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვასთან დაკავშირებით.

ქვევით იხილეთ არსებული მიმოწერა ქრონოლოგიურ ჭრილში:

02. 10. 2014
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დავით პატარაიას მიმართა თხოვნით გაეტარებინა სათანადო ღონისძიებები საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განკუთვნილ შენობაში (ავლაბრის რეზიდენცია) გადაყვანის მიზნით.
დავით პატარაიას ეცნობა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების განთავსების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მათ შორის უახლოეს მომავალში რემონტი იგეგმებოდა მე-7 სართულზეც, სადაც განთავსებული იყო უშიშროების საბჭოს აპარატი

26. 11. 2014
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს მიმართა თხოვნით, რომ გაეთავისუფლებინათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მე-7 სართული, სადაც განთავსებული იყო უშიშროების საბჭოს აპარატი.

03.12.2014
ირინე იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს აცნობა, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გეგმავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განკუთვნილ შენობაში გადასვლას. აღნიშნულისათვის ესაჭიროებოდათ მისი თანხმობა, ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა (ავლაბრის რეზიდენცია) ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე.

17.12.2014
ირინე იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალ უფროსს ანზორ ჩუბინიძეს აცნობა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მითითების მიხედვით სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული შენობა უშიშროების საბჭოს აპარატის სარგებლობაში უნდა გადაცემულიყო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმის დაცვით და საჭირო იყო შესაბამისი დოკუმენტის მომზადება.

06.01.2015
ირინე იმერლიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართა თხოვნით გაეწია მათთვის დახმარება უშიშროების საბჭოს აპარატის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობაში კანონმდებლობის სრული დაცვით განსათავსებლად.

10.02.2015
ირინე იმერლიშვილმა მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ სანამ არ მოხდებოდა საბჭოს აპარატის სამართლებრივად სწორად პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში განთავსება, აპარატი არ იყო უფლებამოსილი გაეწიათ სხვა შენობაში განთავსებასთან დაკავშირებით ხარჯები. შესაბამისად ელოდებოდნენ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომ დაეტოვებინათ მთავრობის ადმინისტრაციაში მათ მიერ დაკავებული ფართობი.

12.03.2015
ირინე იმერლიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა, პროცესში მონაწილე ყველა უწყებას მიეღოთ ზომები, რომ დროულად გატარებულიყო კანონით დადგენილი ღონისძიებები. მან შეახსენა წერილის ადრესატებს, რომ იმ უწყებების შენობები, რომლებიც საბჭოს აპარატის ნაცვლად უნდა გადასულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, უკვე აყვანილი იყო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.

26.06.2015
ირინე იმერლიშვილმა მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ მიუხედავად მათი არაერთი თხოვნისა, რადგან ამ დრომდე ვერ მოხერხდა საბჭოს სამართლებრივად გადასვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის გეგმავდნენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მე-7 სართულზე თვითონ ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად იქ გაეგრძელებინათ ფუნქციონირება.

01.07.2015
მაია ცქიტიშვილმა ირინე იმერლიშვილს განუმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უკვე აქტიურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და უახლოეს ხანში იქ დაგეგმილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის განთავსება. ხოლო რაც შეეხება უშიშროების საბჭოს აპარატს, მათ მიზანშეწონილად მიაჩნდათ, რომ აპარატი განთავსებულიყო ათონელის ქ. 25-ში მდებარე შენობაში.
01.07.2015
იმავე დღეს ირინე იმერლიშვილმა მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფუნქციონირების გაგრძელებას აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში, უშიშროების საბჭოს აპარატი მზად იყო გადასულიყო ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში. ასევე მან განუმარტა ადმინისტრაციის უფროსს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასასვლელად საბჭოს ესაჭიროებოდა იმის შესაბამისი ფართობი, რამდენიც ქონდათ დაკავებული მთავრობის ადმინისტრაციაში და ასევე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზის არსებობაც.

14.07.2015
მაია ცქიტიშვილმა ირინე იმერლიშვილს აცნობა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად მათ სარგებლობის უფლებით გადაეცათ ფართი ათონელის ქ. 25-ში. ირინე იმერლიშვილს ეთხოვა, რომ 20 ივლისამდე უზრუნველეყო მთავრობის ადმინისტრაციაში მათ მიერ დაკავებული ფართობის გამოთავისუფლება.

14.07.2015
ირინე იმერლიშვილმა მაია ცქიტიშვილს განუმარტა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა უშიშროების საბჭოს აპარატისათვის არ ყოფილა გათვლილი და არ არის გათვალისწინებული საბჭოს სპეციფიკური სამუშაოს პირობებისათვის, რადგან შენობა მორგებულია ერთ უწყებაზე, ხოლო საბჭოს აპარატს საქმიანობის განსახორციელებლად არ ჭირდება მთელი შენობის დაკავება. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს აპარატი განთავსდებოდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში.

16.07.2015
მაია ცქიტიშვილმა ირინე იმერლიშვილს აცნობა, რომ მისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ იქნა შეცვლილი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს აპარატის ათონელის ქ. 25-ში მდებარე შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, შეახსენა, რომ მათი ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა, ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნულ რეზიდენციაში ფუნქციონირება მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს. მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ როგორც უშიშროების საბჭოს აპარატი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდებოდნენ ათონელის ქ. 25-ში მდებარე შენობაში.

17.07.2015
ირინე იმერლიშვილმა მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ მისთვის უკვე ცხადი იყო, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი იყო პოლიტიკური და არა ლოჯისტიკური. მან მაია ცქიტიშვილს შეახსენა, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი თანახმა იყო ათონელის ქ. 25-ში იმ დათქმით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობას აგრძელებდა კვლავ ავლაბრის რეზიდენციაში.

აღნიშნულ წერილში ირინე იმერლიშვილს მისი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად ასახელებს:

  • ათონელის მდებარე შენობაში არ არის გათვალისწინებული უშიშროების საბჭოს მუშაობისთვის აუცილებელი ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნები;
  • ეროვნული უშიშროების საბჭოს და მისი აპარატის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე საბჭოს ათონელის რეზიდენციაში განთავსება მოითხოვს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს;
  • ჯერ კიდევ 2015 წლის 19 მაისს უშიშროების საბჭოს იურიდიულ მისამართად განისაზღვრა (აბდუშელიშვილის ქ.1) ავლაბრის რეზიდენცია;
  • სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები დარჩენილია ფართის გარეშე და არსებობს ათონელის რეზიდენციის უფრო რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა.

28.07.2015

საპასუხო წერილში მაია ცქიტიშვილმა ირინე იმერლიშვილი დაადანაშაულა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვის მცდელობაში და შეახსენა, რომ სწორედ ის ამბობდა უარს სამართლებრივი პროცედურის მიხედვით ალტერნატიულ ფართში გადასვლაზე. ირინე იმერლიშვილის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებთან დაკავშირებით კი მაია ცქიტიშვილის მიერ დაფიქსირებულია შემდეგი პოზიციები:

  • პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განთავსებისთვის მოწყობილი შენობა ათონელის ქ. 25-ში სრულად პასუხობს ნატოს უსაფრთხოების სტანდარტებს:
  • ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს აპარატის გადასვლის შემთხვევაშიც საჭირო იქნება დამატებითი ხარჯები;
  • ეროვნული უშიშროების საბჭოს დებულებაში ავლაბრის რეზიდენციის მისამართის მითითება არ წარმოადგენს ამ ფართით სამართლებრივად გამართლებული სარგებლობის საფუძველს;
  • მაი ცქიტიშვილი მიესალმება რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გააჩნია ინფორმაცია თუ რამდენი სახელმწიფო უწყებაა სავალალო მდგომარეობაში, თუმცა იმ ფონზე როდესაც ისინი უარს ამბობენ ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ამასთან, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ავლაბრის რეზიდენციაში განთავსებულები არიან საკმარისზე სამჯერ უფრო დიდ ფართში, მათი მხრიდან ამ უწყებებზე ყურადღების გამახვილება ცინიკურად მიაჩნია.

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი მიმოწერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა შენობის მშენებლობა, რომლის დანიშნულებაც მშენებლობის დასრულების შემდგომაც საკამათოა. ამავე დროს, აღნიშნული მიმოწერა ბადებს ეჭვებს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში კონკრეტული უწყების გადასვლის საკითხები განიხილება პოლიტიკურ დაპირისპირების ჭრილში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების იმიჯს.

მიგვაჩნია, რომ არსებული მოცემულობის პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ავლაბრის რეზიდენციაში საქმიანობის გაგრძელების შესახებ, მისი დაქვემდებარებული სტრუქტურის სხვა შენობაში განთავსება და დამატებითი სახელმწიფო ფართის ათვისება არ ჩანს იმ გამოსავლად, რაც მოძებნილი უნდა იქნეს ათონელის რეზიდენციის ასათვისებლად.

ამავე დროს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის 2013 წლის ექსპლუატაციის ხარჯებმა შეადგინა 2 847 281 ლარი, რაც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში მართლაც არარაციონალურად დიდ თანხად შეიძლება ჩაითვალოს.

შესაბამისად, ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამის უფლებამოსილ პირებს შორის უახლოეს მომავალში მიღწეული იქნეს საბიუჯეტო სახსრების მოხმარების თვალსაზრისით რაციონალური შეთანხმება. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე სახელისუფლებო ცვლილებებზე თუ პოლიტიკურ დაპირისპირებებზე და ყველა სახელმწიფო მოღვაწე უნდა ზრუნავდეს საქართველოში ინსტიტუციურად მდგრადი გარემოს დამკვიდრებისთვის.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s