ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს იქნა დაჯარიმებული – 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში (მაგ. ამფეტამინი, დეზომორფინი), განსაზღვრულია მხოლოდ მათი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მაგრამ არ არის დადგენილი ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობის ზღვარი. ამასთან, მეტადონისა და ჰეროინის ტიპის ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში არსებობს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, მათი მცირე ოდენობითაც შენახვა/შეძენა ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები, საერთო სასამართლოების მიერ ნარკოტიკულ საშუალებების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარებისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის შესახებ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმეტესწილად უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კონკრეტულ პირებზე დადგენილ მოხმარების ფაქტებს.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის ყველაზე მეტი პირი მსჯავრდებულია 2014 წელს – 4003 პირი, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% – პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კანონმდებლობით, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათი მცირე ოდენობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობის შეძენის, შენახვის თუ გადაზიდვის შემთხვევაში პირს დაეკისრება არა ადმინისტრაციული სახდელი, არამედ პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მოქმედებაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მუხლში ერთად თავმოყრილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ ასხვავებს ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით მფლობელებსა და გამსაღებლებს. დღესდღეობით, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 260-ე მუხლიდან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღება. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღებისთვის მსჯავრდებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 წელს- 2 660 პირი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფონზე უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ პრობლემა. შესაბამისად 2013 წლის 30 ივლისიდან აფთიაქების მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდა და შეადგინა 6000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 12 000 ლარით.
IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2010-2015 წლებში აფთიაქების მიერ ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევების შესახებ. 2014 წელს გამოვლენილია ფსიქოტროპული წამლების რეალიზაციის წესების დარღვევის 102 შემთხვევა, საიდანაც 38 შეთხვევაში რეალიზაციის წესი დაირღვა განმეორებით. შესაბამისად, ჩანს რომ 2014 წელს მნიშვნელოვნად გამკაცრდა სააფთიაქო ქსელების მონიტორინგი წინა წლებთან შედარებით და ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის წესების დარღვევისთვის აფთიაქებზე დაწესებული ჯარიმების საერთო რაოდენობამ შეადგინა 840 000 ლარი, მაშინ როდესაც მაგ. 2012 წელს ჯარიმების სახით აფთიაქებს დაეკისრათ სულ 192 000 ლარი.

საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმოვადგინოთ მონაცემები, თუ რა სახის დახმარების გაწევა ხდება სახელმწიფოს მხრიდან ნარკოდამოკიდებული პირებისათვის, აღნიშნული დაავადებისგან განკურნებისა თუ რესოციალიზაციის თვალსაზრისით.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს 2014 წლის ბიუჯეტის გეგმით ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 4 388 500 ლარი, საიდანაც ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 4 190 563 ლარი. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობასა და ჩამანაცვლებელი თერაპიით (ე.წ. „მეტადონის პროგრამა“) უზრუნველყოფას. როგორც აღნიშნული პროგრამის მიღწეული შედეგების ამსახველი დოკუმენტაციიდან ირკვევა 2014 წელს აღნიშნული თანხით განხორციელდა სამი ათასზე მეტი ბენეფიციარის ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მეტადონით უზრუნველყოფა, ხოლო სტაციონალური დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის კომპონენტით ისარგებლა 286 ბენეფიციარმა.

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მეტადონის მიმღები პირების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა 2014 წელს და შეადგინა – 3140 პირი. 2015 წლის აპრილის მდგომარეობით, აღნიშნული მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 2 214 პირს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობის ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 215 ლარს, საიდანაც მოქალაქის თანაგადახდა შეადგენს 110 ლარს. აღნიშნული თანაგადახდა არ ვრცელდება აივ ვირუსით ინფიცირებულთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრების შემთხვევაში.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე უკანონო ფლობისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა, ხოლო ამის განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, შესაძლებელია წარმოადგენდეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კონტროლის გამკაცრება, ხოლო მეორე მხრივ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ზრდა. სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად ეჭვქვეშ აყენებს დღესდღეობით საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ეფექტურობას, ნარკოდამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით.
IDFI მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის წარმოებისას უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ნარკომანიით დაავადებულ პირთა ადეკვატური მკურნალობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იმგვარი დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფს რეალურად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამიჯვნას სხვა ნარკოტიკული დანაშაულისგან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული კუთხით, კლავ რჩება მთელი რიგი კითხვის ნიშნები საქართველოს კანონმდებლობის ნარკომომხმარებლებზე სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოსაზრების ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, რომლებზეც არ არის დადგენილი მცირე ოდენობის ზღვარი, პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის ფლობის შემთხვევაშიც კი, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკა.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s