2014 წელს მარეგულირებელ კომისიებში და სხვა დამოუკიდებელ დაწესებულებებში გაცემული პრემიები და დანამატები

სრული კვლევა იხილეთ შემდეგ ბმულზეპრემიებისა და დანამტების გაცემის პრაქტიკა 2014 წელს

მარეგულირებელი კომისიებისა და სხვა დამოუკიდებელი დაწესებულებების კატეგორიაში ჩვენს მიერ გაერთიანებულია ისეთი დაწესებულებები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პირდაპირი ზემდგომი მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავთ. შესაბამისად, აღნიშნულ უწყებებს სრული დამოუკიდებლობა გააჩნიათ სახელფასო პოლიტიკის წარმოებისას.

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ-ერთი გამორჩეული საჯარო დაწესებულებაა, სადაც აქტიურად ხდება თანამშრომელთა, როგორც პრემიებით, ისე სახელფასო დანამატებით დაჯილდოება. 2014 წელს კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 77 492 ლარი, საიდანაც პრემია შეადგენს 34 272 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 43 220 ლარს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მაისის და ივნისის თვეში თამარ ჟვანიას სახელფასო დანამატმა შეადგინა თითოეულ თვეში 10 080 ლარი, ხოლო ივლისის თვეში 15 120 ლარი.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი შარაბიძეს 2014 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 67 311 ლარი, ხოლო კომისიის მდივანს გიზო მჭედლიძეს 64 576 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გარდა, თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს – 4 800 ლარს, თავმჯდომარის მოადგილის 4 030 ლარს, ხოლო კომისიის მდივნის – 4 030 ლარს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო პერიოდში ცესკო-ში დასაქმებულ თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა ორმაგი ოდენობით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2014 წელს, მაგალითად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა – 132 955 ლარი (სარგო – 65 644 ლარი, პრემია და დანამატი – 67 311 ლარი), ხოლო კომისიის მდივნის გიზო მჭედლიძის – 128 736 ლარი (სარგო – 64 160, პრემია და დანამატი 64 576 ლარი).

პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის თვალსაზრისით აგრეთვე გამორჩეულია სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღნიშნული სსიპ-ის დირექტორს ნათია ზაალიშვილს 2014 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ მიღებული აქვს 49 121 ლარი, ხოლო მის მოადგილეს ნინო ბერულავას – 43 940 ლარი. ცესკო-ს მსგავსად, აღნიშნულ უწყებაშიც ყველაზე მაღალი დამატებითი ანაზღაურება სახელფასო დანამატის სახით გაცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.

2014 წელს ნათია ზაალიშვილის შრომის ანაზღაურებამ სულ შეადგინა 94 834 ლარი (სარგო – 45 713, პრემია და დანამატი- 49 121 ლარი), ხოლო ნინო ბერულავას – 83 690 ლარი (სარგო- 39 750, პრემია და დანამატი-43 940).

  • საქართველოს ეროვნული ბანკი

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 2014 წელს პრემია და სახელფასო დანამატი არ მიუღია, მისმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 228 000 ლარი. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 12 500 ლარს. ამასთან, 2013 წლის 1 ნოემბრის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს დამატებით დაენიშნათ ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შეგვიძია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ხელმძღვანელ პირებზე დაწესებულია ორი თანამდებობრივი სარგო, კერძოდ სარგო ბანკის პრეზიდენტობის / ვიცე-პერიდენტობის, აგრეთვე სარგო ამავე ბანკის საბჭოს წევრობისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე მაღალი შრომის ანაზღაურება 2014 წელს მიღებული აქვთ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. არჩილ მესტვირიშვილის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 234 000 ლარი, ხოლო ოთარ ნადარაიასი – 229 560 ლარი. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობრივ და საბჭოს წევრობისათვის გათვალისწინებულ სარგოებთან ერთად მათზე 2014 წელს გაცემულია 35 000 და 30 000 ლარის ოდენობის პრემია.

ამავე დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე 2014 წელს ჯამში გაცემულია 2 713 333 ლარის პრემია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2014 წლის დეკემბერი, როდესაც პრემიის სახით ბანკის თანამშრომლებზე გაიცა 828 500 ლარი.

ეროვნული ბანკი თანამშრომლებზე გაცემული პრემიები

  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 89 670 ლარი. აღნიშნული თანხიდან მას სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 18 925 ლარი, მათ შორის დეკემბრის თვეში 7000 ლარის დანამატი. საქართველოს სახალხო დამცველზე სახელფასო დანამატი საკუთარი ბრძანების საფუძველზე გაიცემა. 2014 წელს სახალხო დამცველს პრემია არ მიუღია.

  • მარეგულირებელი კომისიები

წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებად დაწესებულებებს საქართველოს მარეგულირებელი კომისიები წარმოადგენდნენ. 2014 წელსაც კომისიების წევრებზე გაცემული შრომის ანაზღაურება გამორჩეულია სხვა საჯარო დაწესებულებებში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან შედარებით, თუმცა განვლილ წლებთან შედარებით, აღნიშნულ უწყებებში პრემიების გაცემის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები შეინიშნება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემთხვევაში 2014 წლის 18 ივლისს შემოღებული იქნა კომისიაში დასაქმებულთა პრემირების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულის კვარტალური პრემიის განსაზღვრა ხორციელდება შრომის კრიტერიუმებზე დაწესებული კოეფიციენტების მიხედვით:

ა) შრომის დისციპლინა – 10
ბ) შესრულებული სამუშაოს ხარისხი/სანდოობა/ვადები – 15
გ) შესრულებული სპეციალური სამსახურებრივი დავალებები – 10
დ) საქმის მოცულობა და სამსახურებრივი დაკავებულობა – 15

აღნიშნულ კოეფიციენტებზე დაყრდნობით, კომისიის მიერ დადგენილი ფორმულის საშუალებით გამოიანგარიშება კვარტალური პრემიის ოდენობა.

 

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პრემიების გაცემის დარეგულირების თავლსაზრისით გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა, ამ სიახლეს კომისიის წევრების 2014 წლის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

2014 წლის მაისიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ვახტანგ აბაშიძე. 8 თვის განმავლობაში ვახტანგ აბაშიძის შრომის ანაზღაურება შეადგენს 183 884 ლარს (ხელზე 147 107 ლარი), საიდანაც პრემია შეადგენს 51 590 ლარს, ხოლო თანამდებობრივი სარგო 132 293 ლარს.

2014 წელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრებს შორის ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს კომისიის ყოფილ წევრს აკაკი სიხარულიძეს- 297 099 ლარი, საიდანაც პრემია შეადგენ 103 307 ლარს. კომისიის ასევე ყოფილ წევრებს სოფიო ბრიტანჩუკს და ირაკლი მოსეშვილს 2014 წელს პრემიის სახით თითოეულს მიღებული აქვს 105 141 ლარი.

რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი წევრის კახა ბექაურის 2014 წლის შრომის ანაზღაურებას, აღნიშნული შეადგენს 252 843 ლარს, საიდანაც პრემიის სახით მიღებულია 73 125 ლარი. კახა ბექაურმა კომისიის წევრის თანამდებობა დაიკავა 2014 წლის იანვრის მიწურულს, შესაბამისად მას აღნიშნული თვის სარგო და პრემია არ მიუღია.

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წლის აპრილი, როდესაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის აკაკი სიხარულიძის ბრძანებით კომისიის წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცა ორჯერ 3 და 16 აპრილს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლებზე 2014 წელს სულ გაცემულია 1 828 511 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც აპრილის თვის პრემია შეადგენს 528 925 ლარს.

 

2014 წელს კომისიის წევრების შრომის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. 2014 წელს კომისიის თავმჯდომარეს პრემიის სახით სულ მიღებული აქვს 15 750 ლარი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხვა წევრების შემთხვევაშიც, გაცემული პრემიების ოდენობა განვლილ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც აისახა მათ წლიურ შრომის ანაზღაურებაზე.

 

მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრის სერგო მესხის 2013 წლის შრომის ანაზღაურებას თუ შევადარებთ 2014 წლის შრომის ანაზღაურებას, ვნახავთ, რომ აღნიშნული ციფრი 2014 წელს დაახლოებით 115 000 ლარით შემცირდა.

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად უწევს მონიტორინგს საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურების პოლიტიკას. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების სისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. აუდიტის სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ უწყებებში გაცემული პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების მიზნობრიობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წარმოვადგინოთ, თუ როგორი იყო 2014 წელს სახელფასო პოლიტიკა თვითონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული დოკუმენტაციიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს უწყება საქართველოს საჯარო სექტორში წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, სადაც როგორც პრემიები ისე სახელფასო დანამატების გაცემის ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმებულია. როგორც ირკვევა, 2014 წელს აღნიშნული უწყების თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი საერთოდ არ გაცემულა, ხოლო პრემია უმრავლეს შემთხვევაში გაიცა მხოლოდ ერთჯერადად დეკემბრის თვეში თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 2014 წელს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღია.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s