ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა (2005-2014 წლები)

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქტიურად ეხმარება მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის მიღებაში.

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში IDFI მოსახლეობისგან ითხოვს საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას იმ თემებისა და საკითხების შესახებ, რომელთა საჯარო დაწესებულებებიდან დამატებით გამოთხოვაც საინტერესო იქნება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად იყენებენ ჩართულობის საშუალებებს და სთავაზობენ ინსტიტუტს საკუთარ თემებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებისთვის. სწორედ მოქალაქის მხრიდან ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზების საფუძველზე IDFI-მ 2014 წლის 6 ოქტომბერს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ და მოითხოვა 2005-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ცალ-ცალკე წლების მიხედვით შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:

– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ და გამოცხადებულ აბიტურიენტთა რაოდენობა;

– ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა;

– ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად 100 %-იანი, 70 %-იანი, 50 %-იანი და 30 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთა რაოდენობა;

– ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტთაგან რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ცალ-ცალკე თითოეული საგნის მიხედვით).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა IDFI-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ქვემოთ გვინდა წარმოგიდგინოთ მიღებული მონაცემების მცირე სტატისტიკური ანალიზი.

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ და გამოცხადებულ აბიტურიენტთა რაოდენობა

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ IDFI-ისთვის მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2005 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2013 წელს დარეგისტრირდა, ყველაზე მცირე რაოდენობა კი – 2008 წელს. გასულ წელს (2013) გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა 41 936 აბიტურიენტმა (გამოცდებზე გამოცხადდა 40 670 აბიტურიენტი), ხოლო 2008 წელს – 24 049 აბიტურიენტმა (გამოცდებზე გამოცხადდა 23 342 აბიტურიენტი). 2008 წელთან შედარებით 2009 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობამ 4 893 ერთეულით იმატა, სხვა დანარჩენ წლებში კი მათი რაოდენობა 31 171-დან 39 249-მდე მერყეობდა. 2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ და გამოცხადებულ აბიტურიენტთა რაოდენობა ცალ-ცალკე წლების მიხედვით შემდეგნიარად გამოიყურება:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა

შეფსებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებული მონაცემების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2005-2014 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა სულ 213 098 აბიტურიენტმა, ხოლო 2010 წლიდან დღემდე მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება – სულ 2 878 აბიტურიენტმა. კერძოდ: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 2005 წელს მოიპოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა 55%-მა. 2006 წელს მათი რაოდენობა 6%-ით გაიზარდა, თუმცა 2007 წელს წინა წელთან შედარებით 21%-ით შემცირდა. მომდევნო წლებში აღნიშნულ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი 64%-იდან 76%-მდე მერყეობდა, აქედან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (74%) 2014 წელს დაფიქსირდა.

  •  ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ აბიტურიენტთა პროცენტულ მაჩვენებელზე არანაკლებ საინტერესოა იმ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც გამოცდებში მონაწილეობის შედეგად 100 %-იანი, 70 %-იანი, 50 %-იანი და 30 %-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

– 2005-2014 წლებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად 100 %-იანი სახელმწიფო გრანტი ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა – გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა 14%-მა – 2005 წელს მიიღო (აღნიშნულ წელს გაცემულ იქნა მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტი). მომდევნო წლებში 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და მათი პროცენტული მაჩვენებელი 2%-იდან 4%-მდე მერყეობდა.

– 2006-2014 წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შედეგად აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისთვის 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი მერყეობდა 3%-იდან 6%-მდე, ხოლო 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი – 5%-იდან 12%-მდე.

– 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად 30%-იანი სახელმწიფო გრანტის მიმღებ აბიტურიენტთა ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (9%) 2007 წელს დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (14%) კი – 2008 წელს (2013 წლიდან 30%-იანი სახელმწიფო გრანტი გაუქმდა.) როგორც ქვემოთ გამოსახული გრაფიკიდანაც ჩანს, აღნიშნულ პერიოდში სხვა სახელმწიფო გრანტებთან შედარებით 30%-იანი სახელმწიფო გრანტი ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

  •  2005-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცალ–ცალკე წლებისა და თითოეული საგნის მიხედვით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში (ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, 2005-2014 წლებში საკმაოდ დიდია. მოწოდებული მონაცემებიდან დგინდება, რომ ზოგად უნარებში ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა გამოცდებზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა მხოლოდ 1%-ზე ნაკლებმა. მომდევნო წლებში მათი რაოდენობა გაიზარდა და ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს (12%) 2014 წელს მიაღწია. 2006 და 2007 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდებზე გამოცხადებულ აბიტურიენტთაგან მხოლოდ 1%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 2008 წელს – მხოლოდ 2%-მა, დანარჩენ წლებში კი იმ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს 4%-იდან 9%-მდე მერყეობდა. რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, აღნიშნულ გამოცდაზე, სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე დიდი რაოდენობით აბიტურიენტმა (გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 15%-მა) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2013 წელს ვერ გადალახა.

2005 წელს გარდა სავალდებულო საგნებისა, აბიტურიენტთა ნაწილი, ფაკულტეტების მოთხოვნის შესაბამისად, აბარებდა მათემატიკის გამოცდას. 2006 წელს არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია-საზოგადოებრივი მეცნიერებები და ლიტერატურა. 2010 წლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნაცვლად ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ცალ-ცალკე საგნებად ბარდება, ხოლო ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებების ნაცვლად – ისტორია და გეოგრაფია ცალ-ცალკე.

თუ 2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა რაოდენობას არჩევითი საგნების მიხედვით ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ 2005-2009 წლებში ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდაზე გავიდა, ყველაზე მცირე კი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდაზე. საბუნებისმეტყველო საგნების გამოცდაზე გასულ აბიტურიენტთა რაოდენობა 2010-2014 წლებშიც ჩამორჩებოდა მათემატიკისა და ჰუმანიტარული საგნების გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა რაოდენობას, გარდა ორი შემთხვევისა – ბიოლოგიის გამოცდაზე 2010 წელს 1 178 აბიტურიენტით მეტი გავიდა, ვიდრე გეოგრაფიის გამოცდაზე, ხოლო 2011 წელს – 412 აბიტურიენტით მეტი.

რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2005-2014 წლებში არჩევითი საგნების გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, მათი პროცენტული მაჩვენებელი ცალკეულ წლებში გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ აბიტურიენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც სავალდებულო საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს. მაგალითად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2009 წელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდაზე გასულ აბიტურიენტთა 44%-მა, 2010 წელს – ფიზიკის გამოცდაზე გასულ აბიტურიენტთა 58%-მა და ა. შ. 2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცალ-ცალკე წლებისა და თითოეული არჩევითი საგნის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2005-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული მონაცემები დეტალურად შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s