ზეწოლა თუ კეთილი ნება? – იუსტიციის სახლების მშენებლობა


iusticiaaa2005  წელს  დაბადებული იდეა, „ერთი სარკმლის პრინციპი“, რაც გულისხმობს ერთი რომელიმე უწყების მიერ გაცემული ცნობის მიღებას ერთ ადგილას, 2011 წელს პირველად სისრულეში მოვიდა და წელიწად ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თორმეტი იუსტიციის სახლი.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გამოერკვია 2011 წლის ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარებული იუსტიციის სახლების მშენებლობაზე გახარჯული თანხების, დაფინანსების წყაროების და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს 12 იუსტიციის სახლის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, მარნეული, გორი, თელავი, ოზურგეთი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, მესტია, ყვარელი) მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 214 365 260  ლარი (185 361 334 ლარი, 16 400 000 აშშ დოლარი, 705 000 ევრო).   აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილის 67,3 %  (144  291 594 ლარი)  დაფინანსება უზრუნველყვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) საკუთარი შემოსავლებით. იუსტიციის სახლების მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 13% (27 819 813 ლარი) დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 15,4% (33 163 926 ლარი) –   სხვა საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტებიდან, ხოლო დანარჩენი 9 089 927 ლარის (4,2%)  სამუშაოები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს უსასყიდლოდ.

1

 

საქართველოს იუსტიციის სახლების მშენებლობაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ  33 163 926 ლარის დაფინანსება განახორციელეს სხვა  საჯარო დაწესებულებებმა. მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსა 16 400 000 აშშ დოლარის ოდენობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკუთარი ბიუჯეტიდან ბათუმის იუსტიციის სახლის მშენებლობა – 705 000 ევროს ოდენობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მესტიის იუსტიციის სახლის მშენებლობის დასაფინანსებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 1 500 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ ქუთაისის იუსტიციის სახლის მშენებლობა  საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსა 2 660 000 ლარის ოდენობით.

2

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და უცნაური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის სახლების მშენებლობებზე  გაურკვეველი მოტივაციით 9 089 927 ლარის  სამუშაოები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ შესრულებულია უსასყიდლოდ.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული მონაცემების მიხედვით აღნიშნული ღირებულების სამუშაოები უსასყიდლოდ შეასრულა ცამეტმა კომპანიამ, რომელთაგან ყველაზე დიდი ღირებულების სამუშაო უსასყიდლოდ გასწია  შპს „ზიმომ“ – 2 479 207 ლარი, შპს  „ვესტ ინვესტმა“ – 2 000 000 ლარი, შპს „ენსისმა“ – 1 504 270 ლარი.

3

IDFI-იმ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის 15 ნოემბერს მიმართა ხსენებულ კომპანიებთან უსასყიდლოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. სამწუხაროდ ინსტიტუტის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებების არ არსებობის თუ სხვა გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე პასუხგაუცემელია.

საქართველოს იუსტიციის სახლებიდან ყველაზე დიდი ხარჯი მშენებლობაზე გაწეულია თბილისის იუსტიციის სახლის შემთხვევაში – 135 834 918 ლარი. რიგით მეორეს მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სიდიდით წარმოადგენს   ბათუმის იუსტიციის სახლი – 21 315 106 ლარი.

ყველაზე მცირე დანახარჯებით აშენებულ  იუსტიციის სახლებს შორის გამოირჩევა მესტიის იუსტიციის სახლი – 1 716 860 ლარი.

4

ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარებული იუსტიციის სახლების მშენებლობა დაკავშირებულია მთელ რიგ კითხვებთან, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია.  როგორც გამოჩნდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშენებლობის დაფინანსებამ მხოლოდ მთლიანი თანხის 15,4% შეადგინა, ხოლო დანარჩენი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების შემოსავლები და „ქველმოქმედი“ სამშენებლო კომპანიების უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოები.

IDFI შეეცადა გაეანალიზებინა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან სამშენებლო სამუშაოების უსასყიდლოდ შესრულების ძირითადი მოტივები:

1)          ქველმოქმედება

საქართველოს იუსტიციის სახლების მშენებლობის  თანა დამფინანსებლად (ამ შემთხვეაში უსასყიდლოდ შესრულებული  სამუშაოების სახით) გვევლინებიან კომპანიები, რომელთა საქმიანობა დაფუძნებულია უშუალოდ  აღნიშნული ტიპის საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან.

მოგებაზე ორიენტირებული კომპანიებისგან, რომელთა შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო მშენებლობებში მონაწილეობის გზით დაფინანსების მიღება, ჩვენი აზრით ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმ ვარაუდს, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები, ქვემოთ მოყვანილი ორი ფაქტორისგან დამოუკიდებლად, უსასყიდლოდ იქნა განხორციელებული.

2)          ზეწოლა

 საქართველოს იუსტიციის სახლების მშენებლობაზე ზეწოლის პირობებში უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, დაზარალებულ კომპანიებისთვის შესაძლებელი გახდებოდა პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ  მიემართათ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის.

 IDFI ხსენებულ კომპანიებთან დაკავშირების გზით ცდილობდა გამოერკვია, რამდენად ზეწოლის პირობებში ხდებოდა მათი კომპანიების მიერ აღნიშნული  სამუშაოების უსასყიდლოდ შესრულება. კომპანიების უმრავლესობამ, რომლებიც დღეის მდგომარეობითაც ფუნქციონირებს, რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს, მხოლოდ ერთმა კომპანიამ (ინსტიტუტი აღნიშნული კომპანიის სახელს შეგნებულად არ ასახელებს) დაუდასტურა, რომ ამ ეტაპზე მათ არ ჰქონდათ  არანაირი სახის საჩივარი შეტანილი და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას აპირებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიქმნებოდა სხვა  პრეცედენტი აღნიშნული სახით ქონების დაბრუნებისა.

2013 წლის 12 ნოემბერს  IDFI – იმ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა  იუსტიციის სახლების მშენებლობაზე უსასყიდლოდ შესრულებულ სამუშაოებთან  დაკავშირებით იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ შესული განცხადებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ შპს „ნიუ კონსტრაქშენისა“ და შპს „ალგეთის“ განცხადებები. რაც ირიბად უკვე ადასტურებს მინიმუმ ამ ორ კომპანიაზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებს.

6

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 21 ოქტომბრის  N1491 განკარგულების მიხედვით შპს „ნიუ კონსტრაქშენს“  თბილისის  იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე შესრულებული სამუშაოებისთვის ღირებულების ანაზღაურების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან გამოეყო 230 052 ლარი. ვფიქრობთ ის ფაქტი, რომ კომპანიამ მოითხოვა და მთავრობამ გამოყო კონკრეტული თანხა ავტოსადგომის მშენებლობის დასრულებისთვის, ასევე ირიბად შეიძლება მიანიშნებდეს იმ ფაქტზე, რომ იგივე ავტოსადგომის მშენებლობაზე შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ მიერ 557 891 ლარის უსასყიდლოთ შესრულებული სამუშაოები ვერ იქნებოდა დაფუძნებული კომპანიის მხოლოდ კეთილ სურვილზე.

7

 

3)    გარიგება

იუსტიციის სახლების მშენებლობაზე  უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოების მოტივაციას  (ქველმოქმედებისა და იძულების არ არსებობის პირობებში) კომპანიებისთვის   შესაძლებელია წარმოადგენდეს გარკვეული შეთანხმება / გარიგება სახელმწიფო ორგანოებთან (ან მაღალი თანამდებობის პირებთან). მაგ. კომპანიებმა  უსასყიდლოდ შესრულებული გარკვეული სამუშაოების სანაცვლოდ შესაძლებელია მიიღეს გარანტია სხვა მომგებიანი სახელმწიფო პროექტების შესრულებაზე, მითუმეტეს, რომ ტენდერების ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით, პირდაპირი მიყიდვის გზით შესასრულებელი სამუშაოების დაფინანსება საქართველოში ხშირად მიღებული პრაქტიკაა.

მაგალითად, იუსტიცის სახლების მშენებლობაზე ყველაზე დიდი ღირებულების სამუშაოების უსასყიდლოდ შემსრულებელ  კომპანიას წარმოადგენს შპს „ზიმო“, რომლის სახელს უკავშირდება ისეთი მსხვილი სამოქალაქო მშენებლობები როგორიცაა: ქ. ბათუმში შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა, პირსისა და მონუმენტის მშენებლობა ქალაქ ლაზიკაში, პოლიციის შენობის მშენებლობა მესტიაში, ავტობანის მშენებლობები და სხვ.

8

ასევე, თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოების სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია იყო შპს „ენსისი“   – 1 504 270 ლარი. ცნობილია, რომ პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ დაკავებული იქნა შპს „ენსისის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ბრალი წარედგინა შემოსავლების უკანონო ლეგალიზაცია და ფულის გათეთრებაში. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული თბილისის განვითარების ფონდსა და შპს „ენსისის“ შორის გაფორმებული ერთ – ერთი ხელშეკრულების მიხედვით რიყის ტერიტორიაზე მუსიკალური ცენტრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობისათვის კომპანია დაფინანსდა 89 მილიონი ლარით.

 ზემოთ მოყვანილი ფაქტორები (მოგებაზე ორიენტირებული შპს-ების მიერ უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოები, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ხსენებულ კომპანიებთან უსასყიდლოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ინსტიტუტისთვის არ მოწოდება,  იუსტიციის სახლების მშენებლობაზე მონაწილე კომპანიებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესული განცხადებები) ბუნდოვანს ხდის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესის დაფინანსების საკითხებს და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სხვადასხვა კერძო კომპანიები იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ შესაძლო იძულებისა ან/და არაკანონიერი გარიგებების პირობებში.

თითოეულ იუსტიციის სახლის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების, დაფინანსების წყაროების და უსასყიდლოდ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ კვლევა.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სახელმწიფო პროექტები და პროგრამები, სახელმწიფო ქონება and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ზეწოლა თუ კეთილი ნება? – იუსტიციის სახლების მშენებლობა

  1. Pingback: პროკურატურის ბინა გუდაურში | Opendata Blog

  2. Pingback: პროკურატურისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ბინა | Opendata Blog

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s