სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე

wameba

ავტორი:  ნინო  ცუხიშვილი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2013 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან განცხადების მიღების მომენტამდე თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443  (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით განხილული საქმეების ოდენობა და მიღებული გადაწყვეტილებების (განაჩენის) ასლები.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443  მუხლებით განხილული იქნა სულ ორი სისხლის სამართლის საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ განხილული საქმეების შესახებ მიღებული ორი გადაწყვეტილებიდან მოგვაწოდა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, პერსონალური მონაცემების გარეშე – დაშტრიხული სახით. სასამართლოს მიერ მეორე გადაწყვეტილების მოწოდებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ  უარი თქვა მოეწოდებინა დახურულ სასამართლო სხდომაზე დადგენილი განაჩენის ასლი პროცესის მონაწილე პირთა უფლებების დაცვისა და სახელმწიფო, პროფესიულ, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გახმაურების თავიდან აცილების მიზნით. სავარაუდოთ აღნიშნული საქმის ქვეშ იგულისხმება სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამების და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის   ფაქტებზე, ბრალდებულების ვლადიმერ ბედუკაძის, გაგა მკურნალიძის, მამუკა ჩხიტუნიძის და სხვათა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

saqalaqo1

მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მოეწოდებინა დადგენილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად „სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ,“ ხოლო 277-ე მუხლის თანახმად „სხდომის თავმჯდომარე სხდომის დარბაზში საჯაროდ აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.“ აღნიშნული წესი ვრცელდება ასევე დახურულ სხდომის დარბაზში დადგენილ განაჩენთან მიმართებით. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოწოდება უზრუნველყოფდა როგორც საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ბრალდებული პირისათვის განსაზღვრული ბრალისა და დადგენილი სასჯელის თაობაზე, ასევე პროცესის მონაწილე პირთა უფლებების დაცვას სხდომის დახურვის საფუძვლის გათვალისწინებით. მითუმეტეს, რომ ამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგები გამოქვეყნებული იქნა უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზეც .

 საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, მეორე განაჩენი რომელიც ეხება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამების  ფაქტებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებულია 2013 წლის 7 თებერვლის განაჩენი, გამოტანილი ორი პიროვნების მიმართ (ღია წყაროების მიხედვით: ალექსანდრე ტერაშვილი და თამაზ სისაური – სერგო თეთრაძის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ), რომელთაც ბრალად ედებოდათ წამება ჩადენილი დაკავებულის მიმართ, შეკვეთით, ჯგუფურად; ასევე სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. განაჩენიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, თანამშრომლობდნენ დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სისტემატურად ასრულებდნენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (სავარაუდოდ ვიქტორ ყაჭეიშვილის) და სარეჟიმო სამსახურის უფროსის (სავარაუდოდ ოლეგ ფაცაციას) უკანონო დავალებებს, პატიმრების ე.წ. “დამუშავებას”, როგორიცაა პატიმრების ცემა-წამება და მათთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, მათგან სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულებმა, ვიქტორ ყაჭეიშვილისა და ოლეგ ფაცაციას დავალებით, 2011 წლის 23 სექტემბერს მოახდინეს სერგო თეთრაძის წამება, რასაც ვიდეო-ფირზე იღებდნენ ზემოთ აღნიშნული პირები, რის შედეგადაც იმავე დღეს გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ფონზე პოლკოვნიკი თეთრაძე გარდაიცვალა.

ganacheni1

საქმის განხილვის პროცესში, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორის მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებელმა და ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობები, მიიჩნია, რომ ისინი წარმოდგენილი იყო საქართველოს სსსკ XXI თავის მოთხოვნათა დაცვით და დაამტკიცა პროკურორსა და ბრალდებულებს შორის 2013 წლის 7 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმებები. საპროცესო შეთანხმებების თანახმად, ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე.

 ორივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით (მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრათ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამინისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეუმცირდათ ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრათ 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით – 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამინისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეუმცირდათ ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრათ 9 (ცხრა) წლითა და 9(ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბრალდებულებს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

ganacheni 2

უნდა აუცილებლად აღინიშნოს აგრეთვე ის ფაქტი, რომ მიუხედავად დანაშაულის უშუალო შემსრულებლების მიმართ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ადეკვატური სასჯელისა, კითხვის ნიშნებს ბადებს, უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორთა (განაჩენის მიხედვით) მიმართ მოთხოვნილი სასჯელის ზომა (აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათზე გავრცელდა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი). როგორც ცნობილია, ვიქტორ ყაჭეიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა  2000 ლარის ოდებით; ხოლო ოლეგ ფაცაციას განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და  1 წლის და  6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათი და სხვა პირების საქმეზე დადგენილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ხელმისაწვდომობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროკურატურის პოზიციისა და წამების ორგანიზატორებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმების საფუძვლების შესახებ.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s