საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის ანგარიშები

sagareoIDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) 2013 წლის 5 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო  2012 წელს საზღვარგარეთის ქვედანაყოფებში განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2012 წლის განმავლობაში შიდა აუდიტორული შემოწმებები განხორციელდა საზღვარგარეთ სამინისტროს 14 ქვედანაყოფში. ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება იმგვარი ანგარიშების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც გამოირჩევიან  ფინანსური დარღვევა-ნაკლოვანებების სიუხვით.

  • ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში 2009 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის ფინანსური, შესაბამისობისა და საკონსულო საქმის წარმოების შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში თარიღდება 2012 წლის 19 ნოემბრით. ანგარიშში გამოვლენილ ფინანსური დარღვევებიდან განსაკუთრებით საინტერესო ფაქტს წარმოადგენს, 2011 წელს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თემურ იაკობაშვილის მიერ გაწეული გაურკვეველი და შეუსაბამო  ხარჯები.

2011 წლის განმავლობაში, ელჩის სარგებლობაში არსებული პლასტიკური ბარათით გაწეული ხარჯებიდან (საელჩოს ანგარიშზე გახსნილია ორი სადებეტო პლასტიკური ბარათი რომელთაგან ერთს იყენებს ელჩი), 6898,12 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. ამ ხარჯების საბანკო ამონაწერის შესწავლისას გარკვეული და დადგენილი იქნა მხოლოდ 1400.82 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯების დანიშნულება და მათი შესაბამისობა ხარჯების საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან მიმართებაში. დანარჩენ 5497,3 აშშ დოლარის ხარჯებზე მიზნობრიობა დადგენილი ვერ იქნა . გამომდინარე აღნიშნულიდან 5497,3 აშშ დოლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ ექვემდებარება ანაზღაურებას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ. ანგარიშში წარმოდგენილია აღნიშნული თანხის ხარჯვის შესახებ ამონაწერი. ქვემოთ იხილეთ მცირე ამონარიდი ანგარიშიდან:ilustracia1

შიდა აუდიტის ანგარიშში ასევე წარმოდგენილია წინა პერიოდის აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მდგომარეობა. როგორც აღნიშნული ქვეთავიდან ირკვევა 2006 წელს საელჩოს მიმდინარე საბანკო ანგარიშიდან არამიზნობრივად და კანონდარღვევით გაწეული იქნა 132 198,44 აშშ დოლარის ოდენობის სხვადასხვა ხარჯები. ამ ხარჯებიდან 120 000 აშშ დოლარი გადარიცხულია გაურკვეველი ლობისტების თანხის სახით.

ilustracia2

  • საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში 2008 წლის პირველი სექტემბრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის ფინანსური, შესაბამისობისა და საკონსულო საქმის წარმოების შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო განსაკუთრებით გამორჩეულია აღმოჩენილი დარღვევა-ნაკლოვანებების სიუხვით. შემოწმების   ხანგრძლივი პროცესი განპირობებული იყო ობიექტური მიზეზებით. კერძოდ: 2011 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, რომ საელჩოს გააჩნდა წინა 3 წლის განმავლობაში წარმოქმნილი  კრედიტორული დავალიანებები, რომელთა საერთო რაოდენობამ 80 000 ევროს გადააჭარბა. აქედან ოფისის ქირის დავალიანებამ შეადგინა 73 103 ევრო. აღნიშნული ინფორმაცია სამინისტროს ცენტრალურ  აპარატს მოეწოდა 2011 წლის ოქტომბერში დანიშნული ახალი ფინანსური მენეჯერის მიერ. წინა ფინანსურ მენეჯერს, რომელიც მუშაობდა 2008-2011 წლებში აღნიშნული დავალიანება საერთოდ არ ჰქონდა აღრიცხული არცერთ დოკუმენტში. ხსენებულმა გარემოებამ საჭირო გახადა საელჩოს 4 წლის საფინანსო დოკუმენტების მოძიება და დეტალური შესწავლა. ასევე ფინანსური მენეჯერის მიერ გადარიცხვების განხორციელებისას არ ხდებოდა ხარჯის დანიშნულების მითითება საბანკო ელექტრონულ პროგრამაში. რის გასარკვევადაც საჭირო გახდა კონკრეტულ ფირმებთან და იურიდიულ პირებთან ფიზიკური დაკავშირება.

საბოლოოდ 2013 წლის 4 მარტით დათარიღებულ შიდა აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია მთელი რიგი ფინანსური დარღვევა-ნაკლოვანებები, რომელიც უკავშირდება 2008-2011 წლებში საფრანგეთში საქართველოს  საელჩოს  ფინანსური მენეჯერის საქმიანობას.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა საელჩოს ფინანსური მენეჯერის მიერ 2008 წლის  წლიურ ბალანსში დაფიქსირებული მონაცემები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.

მაგალითად 2008 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ერთი და იგივე კატეგორიაზე მითითებულია სხვადასხვა თანხა. ერთ შემთხვევაში საკანცელარიო, სამეურნეო საქონელი და სხვა კატეგორიაზე დაფიქსირებულია საკასო ხარჯი 35073 ევრო, ხოლო მეორე შემთხვევაში 15 644 ევრო. გაუგებარია აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობით 19429 ევროთი გაწეული საკასო ხარჯის დანიშნულება.

არასწორი მონაცემებია დაფიქსირებული ასევე საელჩოს 2009 წლის ხარჯთა ნუსხის შესრულების ანგარიშში. გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების საკასო და ფაქტობრივ ხარჯებს შორის სხვაობა შეადგენს 74 558 ევროს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგანაც გრძელვადიანი მივლინების ასანაზღაურებლად ყოველთვიურად გაცემული თანხები (საკასო ხარჯები) უკვე თავისთავად წარმოადგენენ იგივე ფაქტობრივ ხარჯებს.

საელჩოს 2009 წლის დაზუსტებული საბიუჯეტო გეგმის მიხედვით საოფისე იჯარის თანხების დასაფარად გათვალისწინებული იყო 100 104 ევრო, რაზეც წლის განმავლობაში გადახდამ შეადგინა 57 613 ევრო. შესაბამისად დანარჩენი 42 491  ევრო მიმართული იქნა არამიზნობრივი დანიშნულებით.

მსგავს ფინანსურ დარღვევა-ნაკლოვანებებს ასევე უხვად ვხვდებით 2010 და 2011 წლებშიც. მოყვანილია ძალიან ბევრი ფინანსური დარღვევების მაგალითები, რომელიც უკავშირდება ფინანსური მენეჯერის საქმიანობას. შიდა აუდიტის ანგარიშში მითითებული დარღვევების გამო, რომელიც დაკავშირებულია მობილური კავშირგაბმულობისათვის ლიმიტს ზემოთ თანხების გაცემას, არაკლასიფიცირებული ხარჯების გაწევას, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ყოფილი ფინანსური მენეჯერის მიერ სულ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელია 13 876,85 ევრო.

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან  საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში  2009 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის ფინანსური და  შესაბამისობის  შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში.

გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში განხორციელებული შიდა აუდიტის ანგარიში თარიღდება 2012 წლის 11 ივნისით. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ანგარიშში წარმოდგენილ მნიშვნელოვან შედეგებში გამოტანილია ისეთი ფაქტები, რომლებიც უკავშირდება შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის სამსახურეობრივ ავტომანქანაზე არასწორი პარკირებისთვის გადახდილ ჯარიმებს.

შრომითი  ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე გაცემულია 3600 აშშ დოლარის ოდენობის პრემია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ შტატგარეშე მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს პრემია, თუმცა პრაქტიკულად არ არსებობს ამ პრემიის გაცემის კანონისმიერი საშუალება, რადგან „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია“ შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება შეიცავს მხოლოდ ანაზღაურების მუხლს, რაც არ ითვალისწინებს პრემიის გაცემას.

აუდიტს დაქვემდებარებულ  პერიოდში მუდმივი წარმომადგენელის  სამსახურეობრივ ავტომანქანაზე გადახდილია 1630 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა. წარმომადგენლობის მხრიდან აღნიშნული იქნა, რომ თითქმის ყველა ჯარიმა გამოწვეული იყო არასწორი პარკირების გამო, რაც განპირობებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით. თუმცა „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია“ არ ითვალისწინებს აღნიშნული სახის ხარჯების გაწევას საბიუჯეტო სახსრებით.

  •  ესპანეთის სამეფოში  საქართველოს საელჩოში 2009 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის ფინანსური, შესაბამისობისა და საკონსულო საქმის წარმოების შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში.

ესპანეთის სამეფოში  საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში თარიღდება 2012 წლის 19 ნოემბრით.  შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ანგარიშში წარმოდგენილია ისეთ ფაქტები, რომლებიც „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საფინანსო წესრიგის განმტკიცების შესახებ“  საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს. მაგალითად საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისათვის საწვავისა და მობილური კავშირგაბმულობის ხარჯებისათვის არ არის დამტკიცებული კონკრეტული ლიმიტები.

საელჩოს სააღრიცხვო დოკუმენტებში შეინიშნება დებიტორული დავალიანებები, რომლებიც დაკავშირებული ესპანეთის სამეფოში საქართველოს მაღალ ჩინოსნების სტუმრობასთან. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის რომან ბოკერიას მიერ არ იქნა გადახდილი სასტუმროს ნომრის მაცივრიდან მოხმარებული სპირტიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება, რამაც 242 ევრო შეადგინა და დაფარული იქნა საელჩოს მიერ.  საელჩოს მიერ დაფარული იქნა ასევე ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის გიორგი ხევიაშვილის სასტუმროს ნომრის დაკვეთის თანხა 381 ევრო. სასტუმროს ნომერი მინისტრის თხოვნით დაკვეთილი იქნა საელჩოს მიერ, თუმცა მადრიდში ჩამოსვლის შემდგომ  მან ნომრის დაწუნების გამო უარი განაცხადა აღნიშნულ სასტუმროში ცხოვრებაზე, ხოლო დაკვეთის თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2012 წლის განმავლობაში შიდა აუდიტორული შემოწმებები განხორციელდა საზღვარგარეთ სამინისტროს 14 ქვედანაყოფში, ხოლო ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა ოთხი მათგანის მცირე ანალიზი. რაც შეეხება საგარეო სამინისტროსგან მიღებულ შიდა აუდიტის ანგარიშებს შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

1)      ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

2)      ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

3)      გაეროში მუდმივი წარმომადგენლობის შიდა აუდიტის ანგარიში

4)    ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს შიდა აუდიტის ანგარიში

5)    ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს შიდა აუდიტის  ანგარიში

6)     ესპანეთის სამეფოში  საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

7)      წმინდა საყდართან  საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

8)      იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

9)      ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობაში შიდა აუდიტის ანგარიში

10)  ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

11)   პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

12)   საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

13)   სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შიდა აუდიტის ანგარიში

14)  ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს შიდა აუდიტის ანგარიში

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის ანგარიშები

  1. დავით კურტანიძე says:

    opendata.ge – ლინკები არ იხსნება

    • opendatablog says:

      ბატონო დავით, მადლობა შეტყობინებისთვის, გავასწორეთ ლინკები და შეგიძლიათ იხილოთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s