“დაკარგული” მილიონის ისტორია


cidf-pic
ერთი მილიონი ლარი, რომლის ხარჯთაღრიცხვის შესახებაც 2012 წლის ივლისში განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა, როგორც ირკვევა, მთავრობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს ჩაერიცხა არასამთავრობო სექტორის განვითარებისთვის. ფონდს არსებობის მანძილზე ორჯერ შეეცვალა დამფუძნებელი, რაც დიმიტრი შაშკინის მიერ თანამდებობების შეცვლას ემთხვევა.

2012 წლის 30 ივლისს IDFI დაინტერესდა 2012 წლის პირველ კვარტალში განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისათვის“ გამოყოფილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ხარჯთაღრიცხვით, რის შესახებაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტრომ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, რის საფუძველზეც 2012 წლის 5 სექტემბერს ინსტიტუტმა სამინისტროს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით. ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად 2012 წლის 19 სექტემბერს სამინისტრომ გამოაგზავნა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისთვის“ გამოყოფილი ერთი მილიონი ლარის დეტალური ხარჯთაღრიცხვა სამინისტროში დაცული არ არის.

ganatlebis saministros pasuxi 19.09.2012

განათლების სამინისტროს პირველი პასუხი, რომლითაც აღნიშნავს, რომ ერთი მილიონი ლარის ხარჯთაღრიცხვა სამინისტროში დაცული არ არის.

ერთი მილიონი ლარი არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისათვის

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 26 ნოემბერს ინსტიტუტმა განმეორებით მიმართა განათლების სამინისტროს იგივე მოთხოვნით. 19 დეკემბერს მიღებულ პასუხში სამინისტრომ ახალმა ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ გაფორმდა ხელშეკრულება ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდთან და ის დაფინანსდა ერთი მილიონი ლარით სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა თანხის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, და ამიტომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, მოგვაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია. როგორც წერილიდან ირკვევა, ფონდს სამინისტროსთვის არ ქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიში და თანხა ირიცხება განათლების სამინისტროს ანგარიშზე როგორც დებიტორული დავალიანება.

ganatlebis saministros pasuxi 19.12.2012

განათლების სამინისტროს მეორე პასუხი, რომლითაც ირკვევა, რომ ერთი მილიონი ლარი ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს გადაერიცხა.

2012 წლის 21 დეკემბერს ინსტიტუტმა სამინისტროს მიმართა 2011-2012 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ – სამოქალაქო ინსტუტიციონალიზმის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ სამინისტროსა და ფონდს შორის ხელშეკრულება ერთი მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმდა 2012 წლის 27 იანვარს და მას ხელს აწერს ერთი მხრივ განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, ხოლო მეორე მხრივ ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლალი ყიფშიძე. ფონდის ვებ-გვერდი გამართულად არ მუშაობს და 2012 წლის ივნისის შემდეგ არ განახლებულა, შესაბამისად, რთულია დამატებითი ინფორმაციის მოძიება. მათ შორის იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად ვინ დაფინანსდა ფონდის გრანტებით 2012 წელს. თუმცა, ის ფაქტი, რომ სამინისტროში არ არის დაცული არანაირი დოკუმენტაცია საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ანგარიშგებასთან დაკავშირებით, პროექტების მენეჯმენტსა და ზოგადად საზოგადოებრივი გამჭვირვალობისადმი სამინისტროს ხელმძღვანელობის ზედაპირულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

xelshekruleba cidf ganatlebis saministro milioni lari

ხელშეკრულება განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს შორის

სამი სხვადასხვა დამფუძნებელი ოთხი წლის მანძილზე

საინტერესოა თავად ა(ა)იპ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის შექმნისა და საქმიანობის ისტორია. ფონდი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 მაისის ბრძანებულებით და მის დამფუძნებლად განისაზღვრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და  იურიდიული დახმარების სამინისტრო. ფონდის საქმიანობის მიზნად განისაზღვრა საქართველოში სამოქალაქო ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელება, რეფორმირებისა და განვითარების პროცესში სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერება და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

ამასთან, ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ორგანიზაციის მიზანი შემდეგნაირად არის ფორმულირებული:

„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” შექმნის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფომ, განვითარებული დასავლური დემოკრატიების მსგავსად, საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებას, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერასა და სამოქალაქო ინსტიტუციების დამკვიდრებას. ფონდი გრანტებს გასცემს მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტთა შესაბამისად არაკომერციულ, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებზე.“ [1]

2011 წლის 8 თებერვლიდან, პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის განკარგულების საფუძველზე, ფონდის დამფუძნებლად განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო2012 წლის 9 აგვისტოს, პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის განკარგულების საფუძველზე ფონდის დამფუძნებლად განისაზღვრა თავდაცვის სამინისტრო. ფონდის დამფუძნებლების ცვლილება საინტერესოდ ემთხვევა თითოეული სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე დიმიტრი შაშკინის დანიშვნას. როგორც ჩანს ფონდის კონტროლი იმ სამინისტროს კომპეტენციაში გადადიოდა რომლის ხელმძღვანელადაც ბატონი დიმიტრი შაშკინი ინიშნებოდა. კერძოდ, 2009 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე დიმიტრი შაშკინი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2011 წლის თებერვალში, ფონდის დამფუძნებლის პირველი ცვლილების დროს, ის განათლების მინისტრი იყო (2009 წლის დეკემბერი – 2012 წლის ივლისი), ხოლო ფონდის ხელმძღვანელის ბოლო ცვლილება შაშკინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში განხორციელდა.

ფონდის დაფინანსების წყაროები

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფონდის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით ხდებოდა. კერძოდ, 2009 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორგანიზაციას გამოეყო ერთი მილიონი ლარი [2] [3]. ამას გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2012 წლის პირველ კვარტალში განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან „სხვა ხარჯებისათვის“ განსაზღვრული ერთი მილიონი ლარიც სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს გადაერიცხა.

საგრანტო კონკურსების გამჭვირვალობა

2009 წლიდან ფონდი წელიწადში ორჯერ აცხადებდა საგრანტო კონკურსებს, სანამ 2012 წელს არ გადავიდა ღია კარის საგრანტო პროგრამაზე. 2009 წელს სულ დაფინანსდა 91 პროექტი, ხოლო 2010 წელს დაფინანსდა 86 პროექტი. ინფორმაცია 2011 და 2012 წელს დაფინანსებული პროექტების შესახებ ფონდის ვებ-გვერდზე არ მოიძიება. ამასთან, ვებ-გვერდზე მოცემულია მხოლოდ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა თემატიკისა და რეგიონების მიხედვით, თუმცა არ არის მითითებული თითოეულ პროექტზე გაცემული თანხის რაოდენობა. ფონდის გამჭვირვალედ საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, სახელწოდებით “სახელმწიფოს ფული „სამთავრობო“ არასამთავრობოებს” სტატიაში კერძოდ აღნიშნულია, რომ ფონდმა არ დააკმაყოფილა ცენტრის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა.

ფონდის მმართველობა

ფონდის შექმნის დღიდან მისი აღმასრულებელი დირექტორია ლალი ყიფშიძე.[4] თავდაპირველად სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ დავით აფრასიძე, მაგდა ანიკაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი. დიმიტრი შაშკინმა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის საბჭო წარადგინა  2012 წლის 2 თებერვალს დიმიტრი შაშკინის ბრძანებით დამტკიცდა ახალი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, შემდეგი შემადგენლობით: დავით აფრასიძე (თავმჯდომარე), მაგდა ანიკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნათია ანასტასიადი, ირაკლი ყიფშიძე, მაკა ბეჟანიშვილი და თეონა ჭკადუა. დიმიტრი შაშკინის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანების შემდეგ დავით აფრასიძემ დატოვა ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო 25 ივნისს ახალ თავმჯდომარედ განისაზღვრა ირაკლი ყიფშიძე. საბოლოო გადაწყვეტილებას თითოეული პროექტის დაფინანსების შესახებ იღებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგი და შეიმუშაონ ანგარიშვალდებულების გამჭვირვალე მექანიზმები, რათა საქართველოს მოქალაქეებს სრული წარმოდგენა ჰქონდეთ საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საპირისპირო დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to “დაკარგული” მილიონის ისტორია

  1. Pingback: “დაკარგული” მილიონის ისტორია (ერთი წლის შემდეგ) | Opendata Blog

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s