წამებაში ეჭვმიტანილ პირთა პრემიები

sasjelagsrulebisdep2013 წლის 05 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. მოთხოვნილ ინფორმაციას წარმოადგენდა 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში გაცემული ხელფასებისა, დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შემდეგ  თანამშრომლებზე:

1. გაგა მკურნალიძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი  მოადგილე;

2. დავით ხუჭუა – მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი;

3. ვიქტორ ყაჭეიშვილი – მე-8 საპყრობილის დირექტორის ყოფილი მოადგილე;

4. ლევან ფურცხვანიძე – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი;

5. გიორგი კვარაცხელია – მე-8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი უფროსი ინსპექტორი;

6. ოლეგ ფაცაცია – მე-8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი განყოფილების უფროსი;

7. მანუჩარ ლომთაძე – მე-8 საპყრობილის ყოფილი კონტროლის ინსპექტორი;

8. გელა ცომაია – მე-8 საპყრობილის ყოფილი ოპერატიული მორიგე;

9. ლევან ფხალაძე – მე-8 საპყრობილის ყოფილი კონტროლიორი;

10. ბორის ფარულავა – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი  ინსპექტორი;

11. ვლადიმერ ბედუკაძე – მე-8 საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორი;

12. დავით ჭაკუა –  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი;

13. ალექსანდრე მუხაძე – მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი;

14. გიორგი ავსაჯანიშვილი – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი.

2013 წლის 13 თებერვალს, საჯარო დაწესებულებიდან მიღებული პასუხით დეპარტამენტი გვაწვდიდა შესაბამის ინფორმაციას მხოლოდ ამავე დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან – დავით ჭაკუასთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

chakua_premia_xelfasi

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011-2012 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარე, გენერალ-მაიორ დავით ჭაკუა წახალისების სახით ყოველთვიურად იღებდა თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას, ხოლო დეკემბრის თვეში (2011) აიღო  ოთხმაგ ოდენობა – 10 080 ლარი.   

chakua 2011

რაც შეეხება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ყოფილ თანამშომელთა შესახებ გაუცემელ ინფორმაციას, უარის საფუძვლად მოყვანილ იქნა საკანონმდებლო ნორმათა ერთობლიობაზე მითითება.

პირველ ასეთ ნორმად მითითებულ იქნა საქართველოს კონსტიტუცია. კერძოდ, საქართველოს 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან, არავისათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

IDFI-ის მოსაზრებით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოხელეების შესახებ ფინანსური ინფორმაცია (მ.შ. ხელფასები და პრემიები) არ უნდა წარმოადგენდეს მის „ფინანსებთან და კერძო საკითხებთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საჯარო ინტერესის მაღალი დონე მოხელეების საბიუჯეტო წყაროდან მიღებული ანაზღაურებისა თუ წახალისების მიმართ.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები ყველასათვის ხელმისაწვდომია, რადგან ისინი ქვეყნდება შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების სახით. მაგ. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით №147 დადგენილია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები. სამართლებრივი აქტის მიხედვით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ  დაწესებულების დირექტორის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 2 705 ლარს, მისი მოადგილის 2 540 ლარს, უსაფრთხოების განყოფილების უფროსის 1 355 ლარს, ინსპექტორის (კონტროლიორის) 1 065 ლარს, დამხმარე მოსამსახურის (დამლაგებლის)  500 ლარს და ა.შ.

sapatimro xelfasebi

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ანაზღაურებაც წარმოადგენს ფინანსური ხასიათის ინფორმაციას, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელეზე გაცემული პრემია განსაკუთრებული საკონსტიტუციო პრეფერენციით სარგებლობს თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით და მასზე ინფორმაციის დაცვის რაიმე განსაკუთრებული რეჟიმი უნდა გავრცელდეს.

მეორე ნორმად, მითითებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც: „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“ ამასთან, ხსენებულ ნორმას მოჰყვა ნორმათა მომდევნო ლოგიკურ ჯაჭვზეც მითითებაც – სზაკ-ის 27-ე მუხლი მარტავს თანამდებობის პირს, როგორც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს, რომლის ჩამონათვალიც სავარაუდოდ არ ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის – ამ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გარდა IDFI-ს შეკითხვაში ჩამოთვლილ ამავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს.

აქვე გავაკეთებთ დამატებით საკანონმდებლო ხასიათის განმარტებას,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტით პერსონალური მონაცემი წარმოადგენს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. აღნიშნულ ნორმის ბუნდოვანებაზე IDFI-ის აგრეთვე გააჩნია ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომელიც უფრო მეტად შეკითხვის სახით შეიძლება აისახოს: რამდენად იძლევა საჯარო მოხელის, როგორც ფიზიკური პირის, არაპირდაპირ იდენტიფიცირების საშუალებას დროში, თანამდებობრივად და თანხობრივად არაფიქსირებული პრემია, თუ საერთოდ შეიძლება გონივრული მსჯელობის ფარგლებში ამგვარ მაჩვენებლით რაიმე სახის იდენტიფიცირებაზე საუბარი ვინმესთან მიმართებაში?

შესაბამისად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხში ნიშანდობლივია, რომ მითითება პრემიის პერსონალურ მონაცემად მიჩნევის თაობაზე ბუნდოვანია. ამ ბუნდოვანებას სავარაუდოდ იწვევს არა დეპარტამენტის პოზიცია, არამედ თვით ნორმათა ბუნდოვანებისაგან გამოდინარე საჯარო დაწესებულებების სასარგებლოდ ინტერპრეტირების მრავალწლიანი პრაქტიკა.

თუ გავითვალისწინებთ, IDFI-ის აზრს, რომ ნორმის შემქმნელთა დათქმები იძლევა ფართო ინტერპრეტირების საშუალებას, მაშინ კეთილი ნების არსებობისას, ისინი იქნებოდნენ განმარტებულნი შემდეგნაირად – საჯარო მოხელის საბიუჯეტო შემოსავლები არ ჯდება ადამიანის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციის ცნებაში, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ საქმე მაინც გვექნება ლოგიკურად საკმაოდ მყარ მოსაზრებასთან, რომ ადამიანის შესახებ ნებისმიერი  ფინანსური თუ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია a priori თავის ბუნებით კერძოა. აღნიშნულს დაამძიმებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოთხსენებული ბუნდოვანი ნორმების ინტერპრეტაციაც.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვაწყდებით ძირეულ პრობლემას საჯარო ინტერესის ბალანსთან მიმართებაში. IDFI-ის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გაზომვის შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ნებისმიერი ადამიანი დაასკვნიდა, რომ იგი ძალზედ მაღალია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის დასტურის ერთ-ერთ მცირედ საილუსტრაციო მაგალითად გამოდგება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული შემდეგი ინფორმაციაც.  კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე ციხეში არსებული წამების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების  ფარგლებში გამოქვეყნებული მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის დავით ხუჭუას ჩვენებაში აღწერილია შემდეგი გარემოება: “დავით ჭაკუამ ლევან ფურცხვანიძეს უთხრა, რომ სამი თვე უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და რაც შეეხება დაკარგულ ხელფასს, დავით ჭაკუამ თქვა ჩემზე, რომ დავურიცხავთ პრემიასო და შემდეგ გადავურიცხავს შენი ოჯახის წევრებსო.”

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s