პირველად: მუშთაიდის პარკის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება

mushtaidi2012 წლის დეკემბერში ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვმართა Opendata Blog-ზე თბილისის მერიიდან შემდეგი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თხოვნით:

1. თბილისის მერიასა და კომპანია „ჯეოგოლდს“ შორის მუშტაიდის პარკის 49 წლიანი მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ასლი.

2. კომპანია „ჯეოგოლდის“ მიერ მუშტაიდის პარკში ჩატარებულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

3. ჩატარდა თუ არა რაიმე სახის კონკურსი მუშტადის პარკის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შეირჩა კომპანია „ჯეოგოლდი“.  (გთხოვთ თან დაურთოთ ინფორმაცია შერჩევის ფორმის, პირობების და შედეგების შესახებ).

ამის საპასუხოდ, IDFI-მ გააგზავნა მოთხოვნა, და პასუხი მიიღო 2012 წლის 28 დეკემბერს, 10-დღიანი ვადის დაცვით. თბილისის მერიამ მოგვაწოდა მხოლოდ თბილისის მერიასა და შპს „ჯეო გოლდს“ შორის დადებული ხელშეკრულების ასლი, ხოლო გაწეული ხარჯებისა და ჩატარებული კონკურსის შესახებ ინფორმაციაზე მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. თუმცა, მხოლოდ მოწოდებული ხელშეკრულების ასლიც, რომელიც მანამდე კომერციულ საიდუმლოებად იყო მიჩნეული, საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ქვემოთ გთავაზობთ ხელშეკრულებისა და მუშთაიდის პარკის იჯარით გადაცემის საკითხის ანალიზს.

მუშთაიდის პარკის 49 წლის ვადით იჯარით გადაცემის საქმეში არაერთი საეჭვო გარემოება ემთხვევა ერთმანეთს მხარეების, პროცესის, იჯარის პირობებისა და საჯაროობის კუთხით.

მხარეები

პირველ რიგში, საეჭვოა ამ საქმეში ჩართული მხარეების წარმომავლობა, საქმიანობის მიზნები და მათი კავშირი რეკრეაციულ ზონებთან (და კონკრეტულად მუშთაიდის პარკთან).

მიუხედავად იმისა, რომ როგორც საჯარო რეესტრში არის მითითებული, შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი“ 2005 წლის 29 მარტს შეიქმნა, სინამდვილეში ამ დროს დარეგისტრირებულ საზოგადოებას ერქვა შპს „თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელები“ – რომლის არც წესდება და არც სხვა დოკუმენტაცია დაარსების დღიდან 2010 წლის 29 ოქტომბრამდე საჯარო რეესტრში არ არის ხელმისაწვდომი. ხოლო 2010 წლის 29 ოქტომბერს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი“ (რომლის წესდებაც ასევე არ არის ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრში).

saxelisshecvlamushtaidi

თბილისის მთავრობის 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც შპს “თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებს” გადაერქვა შპს “მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკი”

ამას გარდა, იმავე დადგენილებით ახლა უკვე შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკს“ პირდაპირი წესით, 5 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რიცხული შემდეგი ქონება: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი №182-ში მდებარე 37 875 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 8 ერთეული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 1916,68 კვ.მ, 3093 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სამი ნაგებობა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული გასართობი საშუალებები, ბიოლოგიური აქტივი და სხვა ძირითადი საშუალებები.

mushtaidiqonebisgadacema

შპს “მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკისთვის” ქონების გადაცემა

როგორც ირკვევა, 2010 წლის 29 ოქტომბრამდე მუშთაიდის პარკი არ არსებობდა საზოგადოების სტატუსით, ხოლო ასეთი სტატუსის მინიჭებისათვის არა ახალი საზოგადოება დარეგისტრირდა, არამედ უკვე 2005 წლიდან არსებულ საზოგადოებას გადაერქვა სახელი (და სავარაუდოდ, შეეცვალა პროფილიც – ამის მტკიცებას ართულებს როგორც პირველი, ისე მეორე სახელწოდებით არსებული საზოგადოებების წესდებების ხელმიუწვდომლობა).

ეს ვითარება გაცილებით უფრო საეჭვო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ამ ცვლილებიდან დაახლოებით ორ კვირაში, 2010 წლის 16 ნოემბერს შპს „ჯეო გოლდმა“ მიმართა ქ. თბილისის მერს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წილის მართვის უფლების აღების სურვილით.

geogoldmartvissurvili

შპს “ჯეო გოლდ”-ის მიმართვა თბილისის მერს შპს “მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის” წილის მართვის უფლებასთან დაკავშირებით.

ხოლო უკვე 2010 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით ქ. თბილისის მთავრობამ მიიღო პირდაპირი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისად შპს-ს დირექტორი ლევან ლაგვილავა შეცვალა ლერი შანიძემ, შპს „ჯეო გოლდის“ გენერალურმა დირექტორმა. ორ მხარეს შორის კომპანიის წილის გადაცემის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2011 წლის 15 თებერვალს. ამ გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ მუშთაიდის პარკისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის პირის სტატუსის მინიჭება, შემდგომ მისთვის მუშთაიდის პარკის ქონების გადაცემა და ამ ქმედებიდან დაახლოებით ორ კვირაში შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ კერძო შპს „ჯეო გოლდისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხის განხილვა ერთი წინასწარ მოფიქრებული სქემის ნაწილი იყო.

ამ ეჭვს აძლიერებს შპს „ჯეო გოლდის“ საქმიანობის მთავარი მიზნებიც. კომპანია 2009 წლის 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა, 10 ლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალით. საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორის მითითებულია ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების მოწყობა, ნავთობპროდუქტების შესყიდვა და რეალიზაცია, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალების ექსპორტ-იმპორტი და რეალიზაცია და სხვ.

geogoldsaqmianoba

შპს “ჯეო გოლდ”-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიზანი

მიუხედავად მრავლისმომცველი ჩამონათვალისა, სამეწარმეო რეესტრში მითითებულია შემდეგი მიზნები: ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა, დროული გამოტუტვა (ხიპლიჯი), სავაჭრო შემსყიდველი და საშუამავლო საქმიანობა, საექსპორტო, საიმპორტო ოპერაციები.

geogoldsaqmianoba1

შპს “ჯეო გოლდ”-ის საქმიანობა მითითებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ გასართობი და დასასვენებელი პარკების რეაბილიტაცია და განვითარება არ მიიჩნეოდა საზოგადოების საქმიანობის მთავარ მიმართულებად. ამას გარდა, შპს „ჯეო გოლდის“ 100% წილის მფლობელი და დამფუძნებელია ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, რომელიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა თბილისის საკრებულოში.

geogoldmflobeli

შპს “ჯეო გოლდ”-ის მფლობელი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი

იჯარით გადაცემის პროცესი

მხარეების საკითხს მივყავართ თავად იჯარით გადაცემის პროცესამდე, რომელიც ასევე არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. პირველ რიგში, შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წილის 100%-ის მართვის უფლება შპს „ჯეო გოლდს“ გადაეცა პირდაპირი განკარგვის წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ არ გამოცხადებულა კონკურსი სადაც პარკის მართვის უფლების მიღება სხვა იურიდიულ პირებსაც შეეძლებოდათ. როგორც 2011 წლის 15 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის აღნიშნული, თბილისის მერიამ პარკის მართვის უფლების შპს „ჯეო გოლდისთვის“ გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამ უკანასკნელმა 2010 წლის 16 ნოემბერს შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერს. აღნიშნულიდან არ ჩანს, რის საფუძველზე მიიჩნია ქ. თბილისის მთავრობამ, რომ საზოგადოება, რომლის ძირითად საქმიანობასაც წარმოადგენდა ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა და რეალიზაცია, ყველაზე კვალიფიციური და შესაფერისი იყო თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის პარკის მართვისა და განვითარებისათვის 49 წლის მანძილზე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს კომენტარი:

ჩვენ მოვამზადეთ ბიზნესპროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაკეთდეს პარკები. პროექტი იმას გადავეცით, ვინც გამოთქვა სურვილი და საკუთარ თავზე აიღო ვალდებულებების შესრულება. „ჯეო გოლდისადგილას შეიძლება სხვა კომპანია ყოფილიყო, მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია” (იხ.წყარო).

თუმცა, საკითხავია, რატომ არ შეიძლებოდა პარკის იჯარით გადაცემისათვის ღია კონკურსის მოწყობა, რის საფუძველზე მიიჩნიეს თბილისის მთავრობაში, რომ შპს „ჯეო გოლდი“ ყველაზე უკეთ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს – და, რაც ყველაზე მთავარია, რამდენად ქონდა სხვა კომპანიებს მსგავსი სურვილის გამოთქმისათვის საკმარისი ინფორმაცია.

აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არსებითი განსხვავება კონკურსსა და პირდაპირი მიყიდვის ფორმას შორის არის ის, რომ, პირველ შემთხვევაში, ობიექტები საპრივატიზაციოდ გამოაქვს სახელმწიფოს, წინასწარ ადგენს სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან პირობებს და ამ ფარგლებში საუკეთესო წინადადებების შემთავაზებელი ხდება გამარჯვებული. პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში კი, ქონების შესყიდვის მსურველი თავად მიმართავს განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს.

სხვა სიტყვებით, ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის 49 წლით იჯარით გადაცემა კონკურსის გარეშე უკვე თავისთავად ზღუდავს გამჭვირვალობას, რადგან სახელმწიფო არ არის ვალდებული წინასწარ დაადგინოს პირობები და მას გადასცეს ქონება, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს.

ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულებაში მითითებული საიჯარო პირობები ასევე ბადებს ეჭვებს. პირველ რიგში, იჯარის საფასურად განისაზღვრა წელიწადში 100 ლარის გადახდა (საფასურის ოდენობა გადაიხედება 15 წლის შემდგომ) – თუმცა არ არის მითითებული, რის საფუძველზე იქნა მიჩნეული ეს თანხა გადაცემული ობიექტის შესაბამის საფასურად. გარდა ამისა, შპს „ჯეო გოლდს“ სხვა უფლება-მოვალეობებს შორის დაეკისრა შემდეგი: მართვის უფლების გადასვლის დღიდან პირველი სამი წლის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის და თანამედროვე სტანდარტების და ნორმების შესაბამისად პარკის კეთილმოწყობა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება და სხვ. (იხილეთ ხელშეკრულების მუხლი 4, 1.2).

geogoldvaldebuleba

შპს “ჯეო გოლდ”-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მუშთაიდის პარკთან დაკავშირებით

გარდა იმისა, რომ კომპანიას საკმაოდ დიდი დრო მიეცა აღნიშნული ინვესტიციის განსახორციელებლად, არსად არის მითითებული, რა სახის ინვესტიცია დაევალება მას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ. რაც შეეხება თბილისის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულებას, ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოება ვალდებული იქნება მოთხოვნისთანავე წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, თუმცა მოთხოვნის გარეშე რაიმე განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშის წარდგენის შესახებ არაფერია ნახსენები (ხელშეკრულების მუხლი 4, 1.13).

საჯაროობა

ის გარემოება, რომ საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის დადგენილებით „თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, რეკრეაციული ზონა 2-ის კატეგორიის ზონაში შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, რესტორნების და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობა“ (იხ.წყარო) დამატებითი წუხილის მიზეზი გახდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მუშთაიდის პარკს დაეკარგოს რეკრეაციული სტატუსი (იხ. წყარო 1 და წყარო 2)

მართალია ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1.6 პუნქტის მიხედვით შპს „ჯეო გოლდი“ „ვალდებულია მართვის უფლების მთელი ვადის მანძილზე უზრუნველყოს პარკის პროფილის შენარჩუნება“, ასეთი ეჭვები გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ  ხელმოწერის დღიდან, ხელშეკრულება არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პარკის იჯარით გადაცემის პროცესის საჯაროობა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ეჭვებს იწვევს. ხელშეკრულების ასლის მიღებას უშედეგოდ ცდილობდნენ ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ უარი განაცხადა ხელშეკრულების ასლის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ის კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდა (იხ.წყარო). ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით, მათ არ ქონდათ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების უფლება, და შპს „ჯეო გოლდისადმი“ მიმართვის შემთხვევაში ამ უკანასკნელს უნდა გადაეწყვიტა, გაასაჯაროებდა თუ არა ხელშეკრულებას (იხ.წყარო). ამასთან, თხოვნაზე, რომ ეცნობებინათ თუ როდის და ვისი მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიჩნეული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს შემცველად, და გატარდა თუ არა ეს მოთხოვნა საჯარო რეესტრში, როგორც ამას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოითხოვს, ქონების მართვის სააგენტომ ასევე არ გასცა პასუხი (იხ.წყარო). მსგავსი სიტუაცია განმეორდა 2012 წლის თებერვალშიც (იხ.წყარო). უნდა აღინიშნოს, რომ ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, რომელსაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ გასცეს საჯარო ინფორმაცია, ხოლო შპს-ს ასეთი ვალდებულება არ გააჩნია – შესაბამისად, მითითება შპს „ჯეო გოლდისთვის“ მოთხოვნით მიმართვის შესახებ ვერ ჩაითვლება მართებულად.

IDFI-მ ხელშეკრულების მიღება მოახერხა მისი ხელმოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდგომ, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს. აქვე აღსანიშნავია ერთი საინტერესო გარემოება – იმ დღეს, რომლითაც თარიღდება თბილისის მერიიდან ხელშეკრულების ასლის მიღება, 2012 წლის 28 დეკემბერს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან, ვადაზე ადრე შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მისი საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხდა, და ის ბიზნესში გააგრძელებს მოღვაწეობას.

რაც შეეხება შპს „ჯეო გოლდის“ მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას, 2012 წლის მარტში გავრცელებული ინფორმაციით, მუშთაიდის პარკში ინვესტიციის ჩადება და პარკის განახლება უკვე დაწყებულია (იხ.წყარო). ის, რომ პარკს შეუნარჩუნდება პროფილი და მისი აღდგენისათვის სამუშაოების ჩატარება უკვე დაიწყო, დადებითი ფაქტია, თუმცა, გასაკვირია, რისთვის იყო საჭირო ხელშეკრულების გასაიდუმლოება მისი გაფორმებიდან ერთი წლის მანძილზე, და რატომ არ ჩატარდა პარკის ნახევარი საუკუნის მანძილზე იჯარით გადაცემისათვის პირდაპირი კონკურსი.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარკების კერძო პირებისთვის 49 წლით იჯარით გადაცემის თაობაზე თბილისის სხვა პარკებზეც ვრცელდება, ხოლო შპს „ჯეო გოლდს“ მუშთაიდის გარდა წითელი პარკიც გადაეცა (იხ.წყარო).

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s