პირველად: დაჭრილთა რაოდენობა ავღანეთში და პრემიები თავდაცვის სამინისტროში

tavdacva_logoწლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე საჯარო დაწესებულებას საქართველოში. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება სერიოზულ ბიუროკრატიულ და ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მაგალითისთვის გამოდგება ჩვენი ინსტიტუტის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან წარმოებული ერთწლიანი დავა. 2011 წლის 2 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რაც მოიცავდა 18 სტანდარტულ შეკითხვას. სამინისტრო ვალდებული იყო კანონმდებლობით გაწერილ 10 დღიან ვადაში, არაუგვიანეს 2011 წლის 12 მაისისა მოეწოდებინათ ინფორმაცია. თუმცა, ინფორმაცია არასრულყოფილი სახით ინსტიტუტს მიეწოდა თავდაპირველი მოთხოვნიდან ერთი წლის შემდგომ, 2012 წლის 15 მაისს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში IDFI-ის მიერ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 2011 წლის აგვისტოში დაწყებული სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ინსტიტუტს მიეწოდა არასრულყოფილი სახით და ვადების დარღვევით, 2012 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი და ჩათვალა ინფორმაცია სრულყოფილად გაცემულად, ხოლო 2012 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ გადახედა მიდგომებს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალედ საქმიანობის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს როგორც სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ქმედითი მექანიზმების შემუშავების სურვილი, ასევე ის, რომ სამინისტრომ პირველად მოგვაწოდა ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ  დახურული და ხელმიუწვდომელი იქნებოდა.

2012 წლის 30 ოქტომბერს IDFI-იმ თავდაცვის სამინისტროს მიმართა განცხადებით და მოითხოვა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია:

1) 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებზე, საჯარო მოსამსახურეებზე/თანამშრომლებზე  გაცემული პრემიების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია (თითოეულ საშტატო ერთეულზე ინდივიდუალურად) და პრემიების დამტკიცების შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები.

2) 2010, 2011 და 2012 წლის 01 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე (ცალ-ცალკე) ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა.

თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ განცხადებაზე არ განახორციელა რეაგირება კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიან ვადაში, რის შემდეგაც ინსტიტუტმა სამინისტროს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით. 2012 წლის 31 დეკემბერს  თავდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას სამი წლის განმავლობაში სულ დაიჭრა საქართველოს 93 სამხედრო მოსამსახურე:

2010 წელს – 20 სამხედრო;

2011 წელს – 44 სამხედრო;

2012 წელს – 29 სამხედრო (26 ნოემბრის მდგომარეობით).

tavdacva_avganetshi_dachrilebi

საინტერესო აღმოჩნდა აგრეთვე 2012 წლის ოქტომბრის თვეში თავდაცვის სამინისტროში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მოწოდებულ დოკუმენტში არ იყო მითითებული იმ თანამდებობის პირთა სახელები და გვარები, რომლებზეც გაიცა პრემია, აღნიშნული იყო მხოლოდ პოზიციის დასახელება. თუმცა, ღია წყაროების გადამოწმების შედეგად გვაქვს საშუალება ვივარაუდოთ 2012 წლის ოქტომბერში აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშნული პირების ვინაობაც. კერძოდ, მიღებული დოკუმენტის მიხედვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ იობიძემ ერთი თვის სამუშაოს შესრულებისთვის პრემიის სახით მიიღეს 12 500 ლარი თითოეულმა.  საქართველოს კანონმდებლობით მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი 2950 ლარს შეადგენს. შესაბამისად გამოდის, რომ კოკა სეფერთელაძემ პრემიის სახით ოქტომბერში ხელფასის ოთხმაგ ოდენობაზე მეტი მიიღო. საინტერესოა, რომ ორივე თანამდებობის პირი დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში მუშაობდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე. კოკა სეფერთელაძე აგრეთვე შაშკინის მინისტრობის პერიოდში იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე.

სავარაუდოდ ხელფასის ორმაგი და მეტი ოდენობის პრემიები მიიღეს აგრეთვე იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც დიმიტრი შაშკინმა წარადგინა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის წამყვან პოზიციებზე:

ადმინისტრაციის უფროსი – გენრიეტა მუმლაძე – 7112 ლარი (იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების  და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში)

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (გენერალური ინსპექციის უფროსი) – ირაკლი ანდრიაშვილი – 7112 ლარი (იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების  და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში)

საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი – ეკა ჭუმბურიძე – 3504 ლარი (იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების  და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში)

ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი – როინ გიუნაშვილი – 4752 ლარი (იგივე პოზიციას (ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი) იკავებდა განათლებისა და მეცნიერების  და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში)

თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი – ქეთევან ასისტიშვილი – 4752 ლარი (იყო საერთაშორისო ურთიერრთობების სამმართველოს უფროსი განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროში)

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი – ნანა როსტობაია 4234 ლარი (იყო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროში)

tavdacva_premiebi_1

tavdacva_premiebi_2დასასრულს, ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახადონ ამ ძალოვან სტრუქტურაში არსებული ინფორმაცია და ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების საქმეში.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in თანამდებობის პირები, სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s