სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში

ავტორი: ლევან ავალიშვილი

prisoner19 დეკემბერს სამი თვე სრულდება მას შემდგომ, რაც საზოგადოება შესძრა საქართველოს პენიტენციალური სისტემიდან გავრცელებულმა პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ვიდეო კადრებმა. მიუხედავად დროის საკმაოდ დიდი პერიოდისა გამოძიების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ჩვენი აზრით სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემები მუდმივად უნდა იყოს საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა სიკვდილობის ფაქტებისა და სტატისტიკის განხილვა მიგვაჩნია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული და გაანალიზებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში (2006-2011) საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 653 პატიმარია გარდაცვლილი:

2006-2011 წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა

2006-2011 წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში

ცხრილიდან ჩანს, რომ 2010 და 2011 წლები მკვეთრად გამოირჩეოდა სიკვდილობის დონის მატებით. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა მოდიოდა № მე-18  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაზე. მაგალითად, ჩვენს მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით 2011 წელს გარდაცვლილი 140 პატიმრიდან (მსჯავრდებული/ბრალდებული) უმრავლესობა ანუ 86 პატიმარი სწორედ №18 (გლდანის დაწესებულებაში) გარდაიცვალა.

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გარდაცვალების შემთხვევები

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გარდაცვალების შემთხვევები

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ სამოქალაქო სექტორში, ანუ საავადმყოფოებში იმავე წელს გარდაიცვალა 26 პატიმარი, ხოლო სასჯელის მოხდის სხვა ადგილებში 28 პატიმარი. აღნიშნული მონაცემები თავისთავად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს მოქმედი პენიტენციური სისტემის ჰუმანურობისა და  № მე-18  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების ეფექტურობის შესახებ.

პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკა 2011 წელს

პატიმრების გარდაცვალების სტატისტიკა
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში

პატიმრების გარდაცვალების შემაშფოთებელი სტატისტიკა ნამდვილად საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი უნდა იყოს. თუმცა, ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ 2011 წლის სტატისტიკის მიხედვით გლდანის № მე-8 საპატიმრო დაწესებულებაში სიკვდილობის არც ერთი ფაქტი არ იყო დაფიქსირებული. ამავე დროს, 2012 წლის 19 სექტემბერს გავრცელებული წამების გახმაურებული ვიდეო კადრები სწორედ ამ საპატიმრო დაწესებულებაში იყო გადაღებული და შესაბამისად საზოგადოებასაც გაუჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი ლეტალურ შემთხვევებს ამ დაწესებულებაში პატიმრებზე ძალადობის დროს. შესაბამისად, ჩვენ პირველ რიგში შევეცადეთ დაგვედგინა, № მე-18  სამკურნალო დაწესებულებაში გლდანის № მე-8 ციხიდან გადაყვანილი და შემდგომ გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა. აღნიშნული საჯარო ინფორმაცია ჩვენ გამოვითხოვეთ როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ისე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან.

როგორც აღმოჩნდა, საქსტატი საერთოდ არ ფლობდა მონაცემებს 2008-2009 წლებში № მე-18  სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმართა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნდა არც სახალხო დამცველის აპარატს. მათ ხელთ არსებული მონაცემებით გაირკვა მხოლოდ ის, რომ მე-18  სამკურნალო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გარდაიცვალა 49 პატიმარი. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, მათ მიერ ინფორმაცია მოწოდებული იქნა, ვადების დარღვევით და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის (12 ოქტომბერი) შემდგომ.

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2008-2012 წლებში გლდანის მე-8  თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მე-18  სამკურნალო დაწესებულებაში სულ გადაყვანილ იქნა 1316 ბრალდებულ/მსჯავრდებული, რომელთაგანაც დროის ამ მონაკვეთში, გარდაიცვალა 80 პატიმარი.

სასჯელაღსრულება - პასუხი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პასუხი

ცხადია, ჩვენი მხრიდან რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენი მათგანი გარდაიცვალა ცემისა და წამების შედეგად. თუმცა, სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში ამასთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. მაგალითად, 2011 წელს 140 გარდაცვლილი პატიმრის დაავადებების კლასიფიკაციის მიხედვით ნაძალადევი სიკვდილისა და ტრავმების პროცენტულმა წილმა 6.57 % შეადგინა. თვითონ ამ ყველაზე შემაშფოთებელი ჯგუფის ჩაშლა ანგარიშის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ნაძალადევი სიკვდილი და ტრავმები

ნაძალადევი სიკვდილისა და ტრავმების შემთხვევების პროცენტული განაწილება
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში

ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილია არა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები, არამედ სასამართლო-სამედიცინო და სხვა ექსპერტიზის დასკვნების დამუშავებით გამოვლენილი საეჭვო შემთხვევების აღწერაც. მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს:

გარდაცვლილი პატიმარი ო. რ. 36 წლის მამაკაცი. სიკვდილი დაფიქსირებულია მსჯავრდებულთა და პატიმართა N18 დაწესებულებაში. – არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შესული პატიმარი ო. რ. იყო გვამი. არსებული ჩანაწერების მიხედვით მას არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი აღარ აღენიშნებოდა. აღნიშნულის გამო სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ საკითხებით უნდა დაინტერესდეს და გაირკვეს, რა ვითარებაში და სად მოხდა გარდაცვალება.”

გარდაცვლილი პატიმარი ს. თ. 56 წლის მამაკაცი. სიკვდილი დაფიქსირებულია მსჯავრდებულთა და პატიმართა N18 დაწესებულებაში. – პაციენტი ან ტრანსპორტირებისას მოკვდა ან საერთოდ გვამი შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, რისი არაერთი ფაქტიც წარსულში ჩვენ დავაფიქსირეთ და ამის პრაქტიკა, სამწუხაროდ, №18 დაწესებულებაში წარსულშიც არსებობდა (როდესაც შეყვანილ გვამს სიცოცხლეს რამდენიმე წუთით ხელოვნურად უხანგრძლივებდნენ, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ შეცვლილიყო გარდაცვალების ადგილი).”

წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში არის აღნიშნული: “შესწავლის შედეგად დაფიქსირდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართა ნახევარზე მეტს აღენიშნებოდა სხეულის ამა თუ იმ სახის დაზიანებები.”

საინტერესოა აქვე აღინიშნოს, რომ ამ ფაქტების გამოძიება არ იწყებოდა იმ მიზეზით, რომ დაზიანებების ხარისხი იყო მსუბუქი და არ იყო მიზეზ-შედეგობრივ კავშირში პატიმართა სიკვდილთან. თუმცა, აღნიშნული არგუმენტაცია ვერ გამოდგება იმის საბაბად, რომ ხელახლა არ გადაიხედოს პატიმართა გარდაცვალების ყველა საეჭვო გარემოება, მით უმეტეს სასტიკი მოპყრობისა და წამების რეალური ფაქტების გამომჟღავნების შემდგომ.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროკურატურამ  სიღრმისეულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები, სტატისტიკა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s