მთავრობის უცნობი განკარგულებები (თანხების გამოყოფა რეგიონების განვითარების ფონდიდან)

2012  წლის  6 თვის საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში  წარმოდგენილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელებული ტრანსფერების მიზნები და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების ნომრები. როგორც წინა ბლოგ-პოსტში აღვნიშნეთ IDFI-იმ  საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიიღო ხსენებული განკარგულებების ქსეროასლები. (თავდაპირველად მთავრობის კანცელარიამ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რის საფუძველზეც წარედგინათ ადმინისტრაციული საჩივარი. საჩივრის განხილვის პროცესში ინსტიტუტს გადაეცა მოთხოვნილი მთავრობის განკარგულებების ქსეროასლები).

ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინა ბლოგ პოსტში საუბარი გვქონდა თუ რა ფორმით და რა მიზნებისთვის ხდებოდა ამ თანხების ათვისება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის პირველ კვარტალში.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანხების გადარიცხვებზე არსებული მთავრობის განკარგულებების ცალკეულ ჭრილში განხილვა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ IDFI – ის მიერ მიღებული მთავრობის განკარგულებების უმრავლესობა მიმართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის თანხების გადარიცხვაზე.

ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ მცირე ანალიზი იმისა თუ რა მიზნებისთვის ხდებოდა 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ. რომელი  დაწესებულება იყო კონკრეტული გადარიცხული თანხის ადრესატი და რა ფორმით უნდა განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვები.

ზემოთ მოყვანილია 2012 წლის პირველ კვარტალში მიღებული     საქართველოს მთავრობის განკარგულებები რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. (არ არის წარმოდგენილი მთავრობის განკარგულებები, რომლებიც დაკავშირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფასთან და განკარგულებები, რომლებიც წარმოადგენენ საიდუმლო დოკუმენტს). 

2012 წლის 4 იანვრის N15 მთავრობის განკარგულებით წარმოდგენილი მთავრობის განკარგულებებიდან  ყველაზე დიდი თანხა (9 000 000 ლარი) გამოეყო ახალციხის მუნიციპალიტეტს ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბნის) სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.    ახალციხის მუნიციპალიტეტს   საშუალება მიეცა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე.

მსგავს ფაქტებს ვხვდებით ზემოთ მოყვანილ თითქმის ყველა განკარგულებაში, სადაც თანხის მიმღებ დაწესებულებას საშუალება ეძლევა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით. მაგ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N213 განკარგულებით, ქ. გორში წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 000 000 ლარი. ამასთან გორის მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით. საქართველოს რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხა გამოიყო ქ. გორის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობისათვისაც, რაზეც საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის N43 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო 587 000 ლარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შემდგომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის გადასაცემად.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7  მარტის  N433  განკარგულებით, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე სოფელ გაღმა  ხაიშთან დამაკავშირებელი ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობისთვის მესტიის მუნიციპალიტეტს გამოეყო 550 000 ლარი. მესტიის მუნიციპალიტეტს აგრეთვე საშუალება მიეცა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით.

 სახელმწიფო შესყიდვების  გამარტივებული  გზით განხორციელების საშუალების მიცემა განსხვავებული ფორმითაა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის N117 განკარგულებაში, სადაც გურიის რეაბილიტაციის I  ეტაპის ფარგლებში ხარჯების დაფინანსების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოეყო 200 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების  განხორციელება დაევალა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით.

ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვის საშუალების მიცემის მსგავსი შემთხვევაა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N432  განკარგულებაში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების განბაჟების, სამონტაჟო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის გურიის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოეყო 27 000 ლარი, კახეთის  სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – 16 500 ლარი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას 11 500 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29  თებერვლის  N346  განკარგულებით, მერია-ლაითურის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მერიაზე ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 550 000 ლარი.

კახეთის რეგიონში ტურისტული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29  თებერვლის  N369  განკარგულებით ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს გამოეყო 1 000 000 ლარი. ამასთან კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას დაევალა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში ა(ა)იპ- კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის. ხოლო ფინანსთა სამინისტრომ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოსთვის გადარიცხული თანხები უნდა ასახოს , როგორც შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გადარიცხული ტრანსფერები.  ამასთან ა(ა)იპ- კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს გამოყოფილი თანხის ფარგლებში  საშუალება მიეცა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 იანვრის  N128  განკარგულებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია  „POMAGALSKI”-ს   შორის გაფორმებული ხელშეკრულების, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საბაგირო გზისა და მასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოეყო 380 000 ევროს ეკვივალენტი ლარი. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ასევე ხსენებულ მთავრობის განკარგულებაში ძალიან საინტერესოა ჩანაწერი, რომელიც კომპანია „POMAGALSKI”- ზე არ ავრცელებს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვალდებულებას.

საქართველოს რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხების გამოყოფა მოხდა ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის N58 (2 300 000 ლარი) და 2012 წლის 31 იანვრის N144 (337 000 ლარი) განკარგულებებით. 2 300 000 ლარი გამოეყო ქ. ქუთაისის მერიას ქ. ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის, ხოლო 337 000 ლარი გამოეყო სსიპ- დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლში დეკორატიული განათებისა და აკუსტიკური სისტემის მოწყობის მიზნით. სსიპ- დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 337 000 ლარის ფარგლებში.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი  მთავრობის განკარგულებები  რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საფუძვლიან ეჭვს ბადებს თუ რამდენად გამჭვირვალედ და მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა. გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების ჩატარება საზოგადოებაში აჩენს კითხვებს თუ რამდენად ეფექტურად და რეალური კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მეშვეობით ჩატარებული გაუმჭვირვალე შესყიდვები ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტულ დაწესებულებაში განხორციელებული ტრანსფერის ფინანსთა სამინისტროს მიერ ასახვა, როგორც მუნიციპალიტეტის ბიუეჯეტებში გადარიცხული ტრანსფერები მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას რეალური სურათის დანახვისა თუ როგორ ხდება საქართველოს რეგიონების განვითარების ფონდიდან თანხების ათვისება.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ., თვითმმართველობა, რეგიონები, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s