მთავრობის უცნობი განკარგულებები (თანხების გამოყოფა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის)

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების ანალიზისას ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა გათვალისწინებულია “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის”. 2011 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის გამოყოფილმა ასიგნებამ შეადგინა 359.2 მილიონი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა 356.9 მილიონი ლარი. 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის უკანასკნელი ცვლილებით (ივლისი, სტიქია) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის გამოყოფილი ასიგნება შეადგენს 357.9 მილიონ ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებიდან შესაძლებელია მოძიება იმ თანხების, რომლებიც ხსენებული ფონდიდან მიმართული იყო კონკრეტულ რეგიონებზე, თუმცა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია თუ რისთვის და რა ფორმით ხდებოდა ამ თანხების ათვისება.

2012  წლის  6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში  წარმოდგენილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელებული ტრანსფერების მიზნები და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების ნომრები. IDFI-იმ მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე გაცემულ საქართველოს მთავრობის განკარგულებების (ინსტიტუტის მიერ არ იქნა გამოთხოვილი ის განკარგულებები, რომლებიც წარმოადგენდნენ საიდუმლო დოკუმენტს) ქსეროასლების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განკარგულებები არ მოიძიებოდა არც პროგრამა “კოდექსში” და არც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე.  საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ  მთავრობის კანცელარიას წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით. მთავრობის კანცელარიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ინსტიტუტს გადაეცა მოთხოვნილი მთავრობის განკარგულებების ქსეროასლები.

ვინაიდან საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ამიტომ პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესო იყო თუ რა ფორმით და რა მიზნებისთვის ხდებოდა ამ თანხების ათვისება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის პირველ კვარტალში.საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიღებული მთავრობის განკარგულებები საშუალებას გვაძლევს, გამოვარკვიოთ თუ რა მიზნობრიობით იყო  გადარიცხული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის, რომელი კერძო ორგანიზაცია იყო კონკრეტული გადარიცხული თანხის ადრესატი და რა ფორმით უნდა განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას სახელმწიფო შესყიდვები.

  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის  N163 განკარგულებით, სამეგრელოს რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ს, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, გამოეყო 85 ათასი ლარი. ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ს აგრეთვე საშუალება მიეცა სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე. საინტერესოა აგრეთვე, რომ მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-თვის გადარიცხული თანხა აესახა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი (რაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გაუმჭვირვალობის კიდევ ერთ ინდიკატორად შეიძლება იქნეს მიჩნეული). მსგავსი სქემით, შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-თვის მთავრობის ფონდიდან გამოიყო თანხა ასევე მთავრობის  2012 წლის 29 თებერვლის N370 (7 მილიონი ლარი), 2012 წლის 8 თებერვლის N228 (34.4 ათასი ლარი)  და 2012 წლის 31 იანვრის N165 (370 ათასი ლარი) განკარგულებებით.

7 მილიონი ლარი მიმართული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ბულვარის ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით, 34.4 ათასი ლარი ანაკლია-განმუხურის ახალი სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე კაფე-რესტორნის საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ხარჯებისთვის, ხოლო 370 ათასი ლარი  შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის ფუნქციონირებისათვის. ფინანსთა სამინისტროს კვლავ დაევალა ხსენებული თანხები აესახა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218  განკარგულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართისათვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (შპს 100 % წილის მფლობელია სახელმწიფო, ხოლო მის მართვას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო) გადაერიცხა 5 მილიონი ლარი. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება კვლავ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით მიეცა. ამ შემთხვევაშიც, გადარიცხული თანხის ასახვა ფინანსთა სამინისტროს დაევალა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი. იმავე წყლის პარკის მოწყობის მიზნით 2012 წლის 21 თებერვლის N302 მთავრობის განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „Whitewater West Industries”-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებისა და კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების დაფინანსებისათვის,  გამოეყო 949 447 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განაკარგულებებით 2012 წლის პირველ კვარტალში თანხების გამოყოფა მოხდა ასევე უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის.

2012 წლის 18 იანვრის  N55 განკარგულებით ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებისათვის გამოიყო 60 მილიონი ლარი, საიდანაც 2.3 მილიონი ლარი გამოეყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

IDFI-იმ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტისათვის  გადარიცხული თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა. პასუხიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის პირველ კვარტალში, ხსენებული ფონდიდან გადარიცხული თანხებით შესრულებული სამუშაოები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, მიერ მოწოდებული ინფორმაცია დეტალურად იხეილეთ ბმულზე.

2012  წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ანაკლიაში დადგმის მიზნით მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის N6 განკარგულებით გამოეყო 190 ათასი ლარი (გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით), ხოლო 2012 წლის 8 თებერვლის N227 განკარგულებით გამოეყო 711 ათასი ლარი ანაკლიის ზონაში საავტომობილო გზის მშენებლობიდან გამომდინარე, ნგრევის ზოლში მოხვედრილი მოსახლეობის კუთვნილი შენობა-ნაგებობების, ნარგავებისა და მიწის ნაკვეთების კომპენსირების მიზნით.

ზემოთ მოყვანილი საქართველოს მთავრობის განკარგულებები საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმისა, თუ რამდენად გამჭვირვალედ და მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, რადგან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მეშვეობით ჩატარებული გაუმჭვირვალე შესყიდვები ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას. ამავე დროს, აღნიშნული მიდგომა არღვევს საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ წესებს და საზოგადოებაში აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად და რეალური კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვები.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ., თვითმმართველობა, რეგიონები, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s