IDFI კვლავ ასაჩივრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იგნორირებულ მოთხოვნებს

 
f229d88734a9d122220f6a7067009922IDFI-ის პრაქტიკაში გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უპასუხოდ ტოვებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. 2011 -2012 წლებში IDFI-მ ორჯერ გაასაჩივრა უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები. როგორც ჩანს, მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების ტენდენცია 2013 წელსაც გრძელდება, რის გასაჩივრებასაც IDFI აგრძელებს. 
 

2013 წლის 11 თებერვალს IDFI-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა შემდეგ საკითხებზე:

  • შტატში და შტატგარეშე მომუშავე პირთა რაოდენობა
  • ინფორმაცია განთავისუფლებულ თანამშრომლების შესახებ
  • ინფორმაცია ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების შესახებ
  • ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაცემული პრემიების შესახებ
  • პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით
  • ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ჩამონათვალი და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები
  • ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

იხილეთ 2013 წლის 11 თებერვალს ჩაბარებული წერილი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა (ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს), პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხი წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგაც არ მიგვიღია.

ამის საფუძველზე 2013 წლის 13 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა ადმინისტრაციული საჩივარი.  

იხილეთ 2013 წლის 13 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი

IDFI-ის პრაქტიკაში არის კიდევ ორი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა. პირველი შემთხვევა ეხება 2011 წლის 24 აგვისტოს წერილს, ხოლო მეორე – 2012 წლის 2 აგვისტოს წერილს.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ორივე შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოში  დანიშნული პირველი სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე IDFI-მ მიიღო წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ინფორმაციის მისაღებად გადასახდელია ასლის გადაღების მოსაკრებელი, რის გამოც სასამართლო სხდომა გადაიდო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული წინა დავების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ ბმულებს:

IDFI პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ – 2011 წლის 24 აგვისტოს წერილის საფუძველზე

IDFI პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ – 2012 წლის 2 აგვისტოს წერილის საფუძველზე

IDFI იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი გამოცდილება არ იქცევა ტრადიციად და საჯარო მოთხოვნებზე დროული და სრულყოფილი რეაგირება გახდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებების პრაქტიკის ნაწილი.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in სასამართლო პრაქტიკა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი