2012 წელს ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება (ნაწილი პირველი)

1 gelინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა 2003-2012 წლებში 1 (ერთ) ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი და შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლები. ქვემოთ გთავაზობთ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციას.

2012 წელს სიმბოლურ თანხად სახელმწიფო ქონება გადაეცათ შემდეგ იურიდიულ პირებს: შპს „ჯეოლენდი“, შპს EKO GEORGIA, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს გორის სასათბურე მეურნეობა, საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია, Avante Hospital Management, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლურ ეკლესია და საქართველოს საპატრიარქო.

აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში განკარგულებებში მითითებული იყო საპრივატიზაციო პირობები, რაც გულისხმობდა ქონების გადაცემის სანაცვლოდ მყიდველის მიერ შესაბამისი ინვესტიციის ჩადებას. თუმცა, ეკლესიისა და ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისთვის გადაცემული ქონების შემთხვევაში არ არის მითითებული საპრივატიზაციო პირობების შესახებ.

რამდენიმე შემთხვევაში კერძო კომპანიებისთვის გადაცემული ქონება დამატებით კითხვებს ბადებს. მაგალითად, შპს „ჯეოლენდი“-ს შემთხვევაში სავარაუდოა კავშირი ყოფილ თანამდებობის პირებთან, შპს EKO GEORGIA-ს უკან დგას ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ხოლო შპს გორის სასათბურე მეურნეობა ჯერ შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა, შემდგომ გადაეცა ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შექმნილ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ 2012 წლის 19 ნოემბრიდან გადავიდა ახალი ხელისუფლების კუთვნილებაში.

ქვემოთ იხილეთ თითოეული იურიდიული პირისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების ანალიზი.

შპს ჯეოლენდი

2012 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შპს „ჯეოლენდს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო ქონებაში არსებული  უძრავი ქონება, კერძოდ, 8.000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწადში შპს „ჯეოლენდს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ევალება სამთო ქოხის მშენებლობა და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობა.

შპს „ჯეოლენდი“ დარეგისტრირდა 2003 წლის 10 ივლისს, თავდაპირველად ორი მფლობელით – აზა მდინარაძითა და ნატალია ფარცხალაძით, რომლებიც კომპანიის 50-50%-ს ფლობდნენ. 2011 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში შეიცვალა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, და ნატალია ფარცხალაძის ნაცვლად 50%-ის წილის მფლობელი გახდა მისი მეუღლე, ირაკლი უგულავა (თბილისის მერის, გიგი უგულავას ძმა).

natalia partskhaladze - mtavroba

ნატალია ფარცხალაძე – ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საინტერესოა, რომ ამავდროულად ნატალია ფირცხალაძე საჯარო სამსახურში მუშაობდა. 2008 წელს ის იყო ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2009 წელს ამ დეპარტამენტის გაუქმების შემდგომ მან დაიკავა ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

შპს EKO GEORGIA

პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით შპს EKO GEORGIA-ს გადაეცა 9,386 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3 სართულიანი შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართობით 1,272 კვ.მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. კომპანიას დაევალა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და სამკერვალო ქარხნის ამოქმედება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში, აგრეთვე 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

საჯარო რეესტრში აღნიშნულ კომპანიაზე მხოლოდ ერთი ამონაწერი მოიძებნება. შპს EKO GEORGIA დარეგისტრირდა ბათუმში, 2012 წლის 7 სექტემბერს, დირექტორებად მითითებული არიან ოსმან ჩალიშქანი და თურქეთის მოქალაქე ოზჯან სუმერი. კომპანიის 100% წილის მფლობელია ოზჯან სუმერი.

ასევე საინტერესოა, რომ შპს EKO GEORGIA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანია. ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2009 წლის 14 ივლისს, ბათუმში და დღეს 23 წევრ-კომპანიას  აერთიანებს, მათ შორის საქართველოს ბანკსა და GPI Holding-ს. ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით ასოციაციის მისიას წარმოადგენს ასოციაციის წევრების ინტერესების წარმოჩენა, ლობირება და დაცვა როგორც საზოგადოების ისე ხელისუფლების წრეებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

შპს გორის სასათბურე მეურნეობა

შპს გორის სასათბურე მეურნეობას საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჯამში 28,946 კვ.მ ფართობით და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჯამში 4,351 კვ.მ.-ის ფართობით სოფელ სვენეთში. საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

საინტერესოა, რომ შპს „გორის სასათბურე მეურნეობა“ 2012 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, კახა ლეგაშვილის ბრძანების საფუძველზე. შპს-ს 100% წილის მფლობელად განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დირექტორად პაატა ზურებიანი.

2012 წლის 25 ივლისიდან შპს გორის სასათბურე მეურნეობის 100% წილი 3.300.000 ლარად შეისყიდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა 2011 წლის 26 დეკემბერს. თავდაპირველად ფონდის გამგეობის წევრები იყვნენ ნიკა გილაური, ზაზა გოროზია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ვერა ქობალია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

2012 წლის 19 ნოემბრიდან ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა ახალმა გამგეობამ ჩაანაცვლა. ახალი გამგეობის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

ADF gamgeoba new

ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ახლანდელი გამგეობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2012 წლის 5 ნოემბრის განკარგულებით ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა 42 დასახელების უძრავი ქონება თბილისში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, წალენჯიხაში, მარტვილში, ზუგდიდში, ონში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ლანჩხუთში, ჭიათურაში, ყაზბეგში, ვანში, ლაგოდეხში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახმეტასა და ბორჯომში – სულ 283,000 კვ.მ-ზე მეტი ფართი. ამას გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა მოძრავი ქონება, სულ 12.500-ზე მეტი დასახელების ნივთი. 

iliauni1lari

პრეზიდენტის განკარგულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება

შპს Avante Hospital Management Group

მათ შორის ვინც პრეზიდენტის განკარგულებით 2012 წელს 1 ლარად მიიღო სახელმწიფო ქონება, არის აგრეთვე შპს Avante Hospital Management Group. მას 2012 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით გადაეცა შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის“ 100% წილი, იმ პირობით, რომ კომპანია შექმნის 200 მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო საწოლს. „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზაზე შპს „ქუთაისის მოზრდილთა #5 პოლიკლინიკის“, შპს „ქუთაისის #3 ქალთა კონსულტაციის“, შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“, შპს „ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის“, შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკის“ და შპს „ქუთაისის #2 ქალთა კონსულტაციის“ სერვისის გადმოტანა და სამედიცინო პერსონალის დასაქმება სულ მცირე ერთი თვით, პოზიციებისა და ანაზღაურების შენარჩუნებით.

ამას გარდა, კომპანიას ევალება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის მანძილზე გააგრძელოს შპს „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის“ სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება. შპს Avante Hospital Management Group-ს ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, ხელაიას ქუჩის #3-ში მდებარე 15,140 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. პრივატიზაციის პირობად განისაზღვრა 80 მაღალტექნოლოგიური სამედიცინო საწოლის შექმნა და გადაცემული ქონების სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში.

შპს Avante Hospital Management Group შეიქმნა „ნიუ ლაიფის“ სახელით (ახლანდელი სახელი დაერქვა 2012 წლის 2 ივლისს) შეიქმნა 2011 წლის 5 აგვისტოს. კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელია ივანე ყაჭიური, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დირექტორია. 75% წილის მფლობელია გივი კაპანაძე, ხოლო 25%-ის – გია ნაცვლიშვილი, რომელიც 2004 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

სს „სოფლის მეურნეობის კორპორაცია“

სს „სოფლის მეურნეობის კორპორაციას“ 2012 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თბილისში, ჯამური ფართით 9.948 კვ. მ. საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა ვაზის პოპულარიზაციის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა 2013 წლის 1 ივნისამდე. საინტერესოა, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც 2012 წლის 2 ნოემბერს განთავისუფლდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დირექტორის პოზიციიდან, 2012 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა სს „სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ დირექტორად.

სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია და საპატრიარქო

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის, 12 ოქტომბრის და 22 ოქტომბრის განკარგულებებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლურ ეკლესიას, სულ 8.725 კვ. მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ქალაქ ონში, აღმაშენებლის მოედანზე #8-ში, ქალაქ ბაღდათში, რუსთაველის ქუჩის #24-ში და ქალაქ თბილისში, დ. უზნაძის #68-ში.

eklesia

პრეზიდენტის განკარგულებით სამოციქულო ეკლესიისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება

ამას გარდა, 2012 წლის 18 სექტემბრის განკარგულებით საპატრიარქოს ერთ ლარად გადაეცა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2.300 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

sapatriarqo

პრეზიდენტის განკარგულებით საპატრიარქოსთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება

პრეზიდენტის განკარგულებებიდან არ ირკვევა, თუ რის მიხედვით შეირჩა კონკრეტული პირები, რომელთაც სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცათ. გაურკვეველია, იყვნენ თუ არა სხვა მსურველებიც, ან რა საფუძვლით იქნა გამოტანილი აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ერთ ლარად გასხვისებული ქონება ათობით ათასი კვ. მ.-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს და სხვა ქონებას მოიცავს.

IDFI გააგრძელებს აღნიშნული საკითხის კვლევას და მალე შემოგთავაზებთ 2012 წლამდე ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების ანალიზს.

About these ads

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ., საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to 2012 წელს ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება (ნაწილი პირველი)

  1. Pingback: 2012 წელს 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება (ნაწილი მეორე) | Opendata Blog

  2. Pingback: 2012 წელს 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება (ნაწილი მეორე) | Opendata Blog

  3. Pingback: 2007-2011 წლებში ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება | Opendata Blog

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s